მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედურმა Volvo-მ თვითმართვადი EV-ტრაილერი შექმნა

Volvo VNL EV AI

სამი წლის წინ, შვედურმა Volvo-მ და თვითმართვადი ტექნოლოგიის მწარმოებელმა ამერიკულმა Aurora-მ პარტნიორობის შესახებ განაცხადეს, ხოლო ახლა - კომპანიებმა თვითმართვადი ელექტროტრაილერი შექმნეს. ტრაილერი, რომელსაც Volvo VNL ჰქვია, ამერიკული კომპანიის მე-4 დონის თვითმართვად ტექნოლოგიას ეფუძნება, მაგრამ თავად ავტომობილს შვედური კომპანია ააწყობს.

აღნიშნული ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელსაც Aurora Driver-ი ჰქვია მაღალი გარჩევადობის კამერებს, რადარებსა და ლიდარებს ეფუძნება, რომელთაც ობიექტების ამოცნობა 400 მეტრიდან შეუძლია. ამ ტექნოლოგიის გამოსაცდელად ამერიკულმა კომპანიამ მილიარდობით ციფრული მილი და 1.5 მილიონი რეალური მილი გაატარა, ჩვეულებრივ ამერიკულ გზებზე. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თვითმართვად ტექნოლოგიასთან დაკავშირებით კითხვები ჯერაც არსებობს, Volvo-ს ელექტროტრაილერი აღჭურვილი იქნება, როგორც საჭით, ასევე სატერფულებითა და ყველა სხვა სისტემით, რომლის გააქტიურება მძღოლს ავარიული სიტუაციის დროს შეიძლება დასჭირდეს.

როგორც ამერიკულ კომპანიაში ამბობენ, ახალი ელექტროტრაილერის საპილოტე პროგრამები უახლოეს მომავალში დაიწყება და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ტექნოლოგიას, პირველ რიგში, დიდი კორპორაციები გამოიყენებენ, რადგან ამ დრომდე, სტარტაპის საცდელ კვლევებში FedEx-ი და Uber Freight-ი მონაწილეობდნენ. ამ კომპანიებს შორის Uber-ის გამოჩენა მოულოდნელი არ არის, რადგან ეს კომპანია Aurora-ს ერთ-ერთი აქციონერია.

შვედური კომპანიის განცხადებით, ელექტროტრაილერების სატესტო წარმოება კომპანიამ უკვე დაიწყო - ამ შემთხვევაში, ტრაილერები შტატ ვირჯინიაში მდებარე ქარხანაში აიწყობა, რაც, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ელექტრომობილების მწარმოებლებისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს უკავშირდება. Volvo VNL-ისთვის კომპანია სრულად ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა შექმნა, რომელსაც, მოგვიანებით, სავარაუდოდ, სხვა ტრაილერებს დააშენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები