პირველი ოქტომბრიდან შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს. გადაწყვეტილება ქვეყნის ფედერალურმა საბჭომ მიიღო. ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება მიზანშეწონილი იქნება.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ცნობითვე, 2017 წლის შემოდგომიდან შვეიცარიასა და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი მასობრივად გაიზარდა, რაც საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება.
შვეიცარიის საიმიგრაციო დეპარტამენტის მონაცემებით, 2018 წელს, თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით, საქართველო მეხუთე ადგილზე იყო ერითრეას, ავღანეთის, სირიის და თურქეთის შემდეგ. საერთო ჯამში 873 განაცხადი დაფიქსირდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30 პროცენტით მეტია.
უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი (SAFE COUNTRIES OF ORIGIN) სამიგრაციო მიზნებისთის არის შექმნილი. იმისთვის, რომ ქვეყანა "უსაფრთხოდ" ჩაითვალოს მან რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს, ესენია - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრა, სხვადასხვა მიზეზებით ადამიანთა დევნისა და ჩაგვრის აღმოფხვრა, არ უნდა იყოს საომარი მდგომარეობა და არ უნდა არსებობდეს ძალადობის რეალური საფრთხე.
თუ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყანა ჩათვლის, რომ მაგალითად საქართველო მიეკუთვნება უსაფრთხო ქვეყნების ნუსხას, მაშინ საქართველოდან ამ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა მიერ გაგზავნილი განცხადებები დაჩქარებული წესით განიხილება და მათ უფრო მაღალი ალბათობით ეთქმებათ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი, რადგანაც საქართველო ისედაც "უსაფრთხო ქვეყნად" იქნება მიჩნეული.
"უსაფრთხო ქვეყნის" სტატუსის მინიჭებისთვის არსებობს "კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც უსაფრთხო ქვეყანაში უნდა იყოს დაცული - კანონის უზენაესობა, ადამიანთა უფლებები, აღიარებული და დაცული უნდა იყოს უმცირესობათა უფლებები და ქვეყანას უნდა გააჩნდეს მოქმედი დემოკრატია.

























