მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიის პოლიციის ჯავშანჟილეტები სექტემბრიდან ლანჩხუთში შეიკერება

5b3a0b04eacf7
მაია ბიწაძე
02.07.18 15:20
3479
სექტემბრიდან ლანჩხუთში შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები შეიკერება. როგორც Bm.ge-ს სამკერვალო ფაბრიკა ,,ელსელემას“ დამფუძნებელმა, ელგუჯა მამასახლისმა განუცხადა, მომავალ კვირას ლანჩხუთში, ,,ელსელემას“ ახალ სამკერვალო ფაბრიკას შვეიცარიული კომპანიის ,,ქამელეონი“ წარმომადგენლები ეწვევიან და ადგილზე მოინახულებენ საწარმოს, სადაც მათი დაკვეთა შესრულდება.

მამასახლისის განმარტებით, კომპანია ,,ქამელეონი“ პოლიციის უნიფორმას, კერძოდ ჯავშანჟილეტებს ,,ელსელემას“ საწარმოს 2023 წლამდე დაუკვეთავს. ფაბრიკა დამკვეთს პროდუქციას ეტაპობრივად მიაწვდის. შეკვეთის ღირებულება წელიწადში სავარაუდოდ 2,5 მილიონი შვეიცარული ფრანკი იქნება.

,, ლანჩხუთის ფაბრიკის მოწყობა დასრულებულია, გასაკეთებელი დაგვრჩა მხოლოდ კონდიცირების სისტემა, რასაც ამ დღეებში დავამონტაჟებთ და როდესაც გურიაში აქტიური სასოფლო-სამეურნეო სეზონი დასრულდება, ფაბრიკას გავხსნით. ვფიქრობთ, რომ გურიის ფაბრიკა ძირითადად საექსპორტო პროდუქციაზე ვამუშაოთ, თბილისის ფაბრიკაში კი ადგილობრივ დაკვეთებს შევასრულებთ“ - განუცხადა Bm.ge-ს ელგუჯა მამასახლისმა.

,,ელსელემას“ ფაბრიკა გურიაში სექტემბრიდან ამუშავდება და იქ 150 ადამიანი დასაქმდება. ახალი საწარმოს შექმნისთვის კომპანიამ 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. რაც შეეხება თბილისში მდებარე ფაბრიკას, ის ძირითადად სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობს და ქართული პოლიციის და ჯარის უნიფორმებს კერავს. ელგუჯა მამასახლისის განცხადებით, საწარმოს ამ ბაზრის თითქმის 90% უკავია. 2018 წლის განმავლობაში კომპანია 2,5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო დაკვეთას შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები