მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვეიცარიამ მოსახლეობის 10 მილიონამდე შეზღუდვას მხარი არ დაუჭირა – რეფერენდუმის წინასწარი შედეგები

შვეიცარია

შვეიცარიის ამომრჩეველმა რეფერენდუმზე უარი თქვა ინიციატივაზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ლიმიტის 10 მილიონამდე განსაზღვრას ითვალისწინებდა. წინასწარი პროგნოზებით, ხმების სრულად დათვლამდე არსებული ტენდენცია აჩვენებს, რომ მონაწილეთა 55%-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 45%-მა ინიციატივას მხარი დაუჭირა.

აღნიშნული წინადადება მემარჯვენე „შვეიცარიის სახალხო პარტიას“ (SVP) ეკუთვნის, რომელიც წლებია ანტიიმიგრაციული პლატფორმით საარჩევნო კამპანიებს აწარმოებს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ამ საკითხზე გამართულმა აზრთა სხვადასხვაობამ ქვეყანა დიდი რისკის წინაშე დააყენა, რადგან ინიციატივის დამტკიცება საფრთხეს შეუქმნიდა ევროკავშირთან გაფორმებულ თავისუფალი გადაადგილების შეთანხმებას.

2002 წლიდან შვეიცარიის მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა თუ მაშინ ქვეყანაში 7.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა ეს მაჩვენებელი 9.1 მილიონს შეადგენს, რომელთა 27% შვეიცარიის მოქალაქე არ არის.

„შვეიცარიის სახალხო პარტია“ ამტკიცებდა, რომ იმიგრაცია ზრდის მოთხოვნას საავადმყოფოებსა თუ სკოლებში ადგილებზე, მოსახლეობის ლიმიტირება კი ამ წნეხს შეამცირებდა.

მოსახლეობის ლიმიტის დაწესების პერსპექტივამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია შვეიცარიის ბიზნესასოციაციაში (Economiesuisse). ორგანიზაციის მთავარმა ეკონომისტმა, რუდოლფ მინშმა აღნიშნა, რომ ინიციატივის გასვლა დააზიანებდა ურთიერთობებს ევროკავშირთან, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ბრიუსელი დიდი ხანია აფრთხილებს არაწევრ ქვეყნებს, რომ ისინი ვერ მიიღებენ ევროპის ერთიანი ბაზრის სიკეთეებს, თუ უარს იტყვიან თავისუფალი გადაადგილების ვალდებულებებზე.

ამასთანავე, შვეიცარიელი დამსაქმებლები მუშახელის დეფიციტს უფრთხოდნენ. მაგალითად, ქვეყნის სასტუმროებში დასაქმებულთა ნახევარი სწორედ იმიგრანტია. უცხოურ მუშახელზეა დამოკიდებული საავადმყოფოები და პანსიონატებიც [ე.წ. მოვლის სახლები].

ინიციატივის ოპონენტები მიუთითებდნენ იმაზეც, რომ შვეიცარიის მოსახლეობის 20% უკვე 65 წელს ზემოთაა. დაბერებადი საზოგადოების შესანახად და სერვისების დასაფინანსებლად ქვეყანას ახალგაზრდა მუშახელი და გადამხდელები სჭირდება, რის დემოგრაფიულ რესურსსაც შვეიცარია შიგნით ვერ აგენერირებს.

ქვეყნის მასშტაბით რეფერენდუმის დასანიშნად აქტივისტებს მხოლოდ 100 000 ხელმოწერის შეგროვება სჭირდებათ, რამაც მემარჯვენეებს ამ კენჭისყრის ორგანიზების შესაძლებლობა მისცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები