მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან მომავალი წლის 28 იანვრის ჩათვლით, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, რომელსაც გალერეა Fondation Beyeler-ი უმასპინძლებს. როგორც გალერეის ვებგვერდზე ვკითხულობთ, გამოფენაზე ფიროსმანის 50-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, რითაც ის ფიროსმანის საქართველოს საზღვრებს გარეთ ჩატარებული უდიდესი გამოფენა იქნება.
“ნიკო ფიროსმანი ლეგენდარული, მითური ფიგურაა. ქართველი არტისტი ერთ-ერთია თანამედროვე ხელოვნების ბნელით მოცულ მარტოსულებს შორის. ვინსენტ ვან გოგის, ანრი რუსოს და მარკ შაგალის მსგავსად, მის ნამუშევრებს აფასებენ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ასევე ავანგარდისტი ხელოვანები. საკუთარი ღრმა გრძნობით, ამ თვითნასწავლმა მხატვარმა ყოველდღიურობა განსაკუთრებულობად გარდაქმნა. დიდებულად შესრულებული ადამიანები და ცხოველები, მაყურებელს, ერთდროულად, შეუპოვრად და განკერძოებულად შეჰყურებენ. ჰარმონიულ უმოძრაობაში ჩაფლულებს, საოცარი წარმოსადეგობა გამოარჩვთ. შავ ფონზე ცოცხალი ფერების გამოყენებით, ფიროსმანმა ბრწყინვალე ნამუშევრები შექმნა”, - ვკითხულობთ Fondation Beyeler-ის მიერ მომზადებულ ანოტაციაში.
ნიკო ფიროსმანის გამოფენა Fondation Beyeler-ისა და “ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის” ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. გამოფენის კურატორი ისტორიკოსი დანიელ ბაუმანი იქნება, მაგრამ პროცესში ასევე ჩაერთვებიან ქართველი არტისტები თეა ჯორჯაძე და ანდრო ვეკუა. გამოფენის პარალელურად, ქართველი არტისტების ჩართულობით, ბაზელში პანელური დისკუსია, საჯარო ლექცია და ქართული კინოსაღამო გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ნიკო ფიროსმანი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ფერმწერია, რომლის ნამუშევრები მსოფლიოს წამყვან სააუქციონო სახლებში იყიდება. ნიკო ფიროსმანის ყველაზე ძვირად ღირებულ ნამუშევრებს შორისაა “ქართველი ქალი ლეჩაქით”, რომელიც 2018 წლის ნოემბერში, Sotheby’s-ის სააუქციონო სახლში გაიყიდა, 2.23 მილიონ გირვანქა სტერლინგად.