მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანიის GEOTEST AG ექსპერტმა დანიელ ტობლერმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა და ვიზიტის შედეგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ შამუგიასთან შეაჯამა.
ვიზიტის ფარგლებში, დანიელ ტობლერმა სააგენტოს სპეციალისტებთან და დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე არსებული მყინვარული ხეობები ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ექსპერტის მიერ, ადგილზე განხორციელებული აეროგადაღებების საფუძველზე პოტენციური საფრთხეებს დეტალურად გააანალიზებენ და არსებულ სატელიტურ მასალასთან დაადარებენ, ასევე, კვლევის შედეგად გამოვლენილ ცხელ წერტილებში მონიტორინგული სისტემების დანერგვის შესახებ სამომავლო აქტივობებს დაგეგმავენ.
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ღონისძიება, ეს იქნება მონიტორინგი, ადრეული გაფრთხილების სისტემა, განგაშის სისტემა თუ სხვა, უნდა ეფუძნებოდეს დეტალურ, სამეცნიერო კვლევებს. სწორედ კვლევების შედეგად მიღებულ დასკვნებზე დაყრდნობით განხორციელდება კონკრეტულ ლოკაციებზე კონკრეტული ღონისძიებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მაღალკვალიფიციური ექსპერტები არიან ჩართულები და აღნიშნულ სამუშაოებს მათთან ერთად ვახორციელებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე, კომპანია „გეოგრაფიკის“ ხელმძღვანელმა გიორგი გოცირიძემ ხაზი გაუსვა არსებული პროცესის ხანგრძლივობას და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვლევის ფარგლებში შეფასდა სრულად კავკასიონის სამხრეთ ფერდობი.
„შოვი, დევდორაკი, ლეღზირი - ჩვენ მივდიოდით, ვარკვევდით, ვპოულობდით სხვადასხვა ფაქტორს უკვე მომხდარი სტიქიის შემდეგ, თუმცა საერთო სურათი აქამდე მთელ კავკასიონზე არ ვიცოდით. ამ პროექტმა ეს საერთო სურათი გამოავლინა. გაკეთებულმა რუკამ დაგვანახა, რამდენად მეტი შრომა არის კიდევ გასაწევი მომავალში. ამ საერთო სურათის ფონზე, აქტიური წერტილების გამოვლენის ფონზე უკვე დაგეგმვადია უკეთესად მონიტორინგის, შეტყობინების, გაფრთხილების და სხვადასხვა სისტემა და, რაც ყველაზე მთავარია, რესურსები, იმიტომ რომ არასდროს არცერთ ქვეყანას არ ყოფნის კონკრეტული საფრთხეებისთვის და რისკების მართვისთვის თანხა“, - განაცხადა გიორგი გოცაძემ.
საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანიის GEOTEST AG ექსპერტმა დანიელ ტობლერმა განსახორციელებელ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროცესებისა და ლოკაციების შესახებ ინფორმაცია. ვიცით, ვინ და საიდან უნდა დაიწყოს. ამის შემდეგ გვეცოდინება ცხელი წერტილები და ყველაზე კრიტიკული ადგილები. რაც შეეხება ნაბიჯებს, პირველი ნაბიჯი მოიცავს კრიტიკული სფეროების საფუძვლიან შემოწმებას, პოტენციური სცენარების იდენტიფიცირებას, ადგილზე პროცესებში აქტიურ ჩართულობას და შემდეგ ამ სცენარების შესასწავლად და მოსამზადებლად სიმულაციების განსაზღვრას. ამ აქტივობებზე დაყრდნობით, უნდა შეიქმნას მონიტორინგის სისტემა, მოხდეს საფრთხის მართვის პრაქტიკასთან ინტეგრირება და მკაფიოდ განისაზღვროს საფრთხეების მართვის გეგმა. ეს წაიღებს 1-2 წელს, ჩვენ გვაქვს ადგილები შვეიცარიაში, რომლის დეტალურ შეფასებას სამი წელიც კი დასჭირდა“, - განაცხადა დანიელ ტობლერმა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიასთან „GEOTEST AG“ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება მიმდინარე წელს გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით 22 მყინვარულ ხეობაში განხორციელდება კვლევები, მომდევნო 2 თვის განმავლობაში მოხდება კონკრეტული, პოტენციური გლაციალური საფრთხისა და მასთან არსებული ცხელი წერტილის იდენტიფიცირება, რომლის შემდეგაც, შვეიცარიული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს და სააგენტოს საბოლოო დოკუმენტს წარუდგენს.