საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების ხელშესაწყობად გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს პროექტს - "გაუმჯობესებული შესაძლებლობები საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის - R-Empower". შვეიცარიის თანადაფინანსება 3,38 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს.
პროექტის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საელჩო ავრცელებს. დამატებითი დეტალების გასარკვევად კი BMG-მ თავად საელჩოსა და IOM-ს მიმართა.
პროექტი დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდაჭერაზე, პროფესიული უნარების გაძლიერებასა და დიასპორის ჩართულობის ხელშეწყობაზე მუშაობს. ინიციატივა ასევე მიზნად ისახავს მიგრაციის მართვის ერთიანი სისტემის გაძლიერებას, ეროვნულ და ადგილობრივ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებასა და კერძო სექტორთან ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობას.
პროექტის მთავარი სამიზნე აუდიტორია საქართველოში დაბრუნებული ის მიგრანტები არიან, რომლებიც სამშობლოში დასაქმების, ახალი უნარების ათვისებისა თუ ეკონომიკური საქმიანობის დაწყების კუთხით სირთულეებს აწყდებიან.
დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მისაღებად, კონსულტაციისა და შესაბამის სერვისებში ჩასართავად შეუძლიათ, საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში მოქმედ "მიგრაციის სერვისების ჰაბებს" (MSHs) მიმართონ.
ინდივიდუალურ დონეზე ბენეფიციარები პრაქტიკულ დახმარებას პროფესიულ გადამზადებაში, სამუშაო ადგილების მოძიებასა და კერძო სექტორთან დაკავშირებაში მიიღებენ. გარდა ამისა, პროგრამა ფინანსური განათლების ამაღლებას და ფორმალურ ფინანსურ პროდუქტებზე, მათ შორის ფულადი გზავნილების დაბალპროცენტიან ციფრულ ოფციებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომას უზრუნველყოფს.
პოტენციურმა ბენეფიციარებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ R-Empower ფოკუსირდება არა ერთჯერადი ფინანსური გრანტების გაცემაზე, არამედ მათ არსებულ შრომის ბაზარსა და ეკონომიკურ სისტემებში ინტეგრაციაზე.
პროგრამა წინასწარ შერჩეული სექტორებით არ შემოიფარგლება და მოქმედებს შრომის ბაზრის რეალური მოთხოვნებიდან გამომდინარე, რათა შეიქმნას სტაბილური, გრძელვადიანი სამუშაო ადგილები.
პროგრამის ძირითადი ფაზა 2024 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყო და 2028 წლის 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
პროგრამას საქართველოში გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან (SCMI), 12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასთან, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.
ოთხწლიანი პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მიღწევა იგეგმება.
"მოსალოდნელია, რომ 600-მდე დაბრუნებული მიგრანტი დასაქმდება ან გაიუმჯობესებს არსებული დასაქმების პირობებს, ხოლო 4,000-მდე მიგრანტი და მათი ოჯახის წევრი მიიღებს წვდომას ადგილობრივ სოციალურ, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სერვისებზე. ამასთან, 10,000-მდე ადამიანი უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინფორმაციითა და კონსულტაციით მიგრაციის სერვისების ჰაბების მეშვეობით.
დაახლოებით 2,000 დაბრუნებული მიგრანტი გაიუმჯობესებს შემოსავალსა და ეკონომიკურ მდგომარეობას დასაქმების, გადამზადებისა და ბიზნესის მხარდამჭერ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გზით. მუნიციპალურ დონეზე ეკონომიკური აქტივობის სტიმულირების მიზნით, ასევე განხორციელდება 12 სათემო ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც სათემო ცენტრებისა და სარეკრეაციო სივრცეების რეაბილიტაციას გულისხმობს", - გვეუბნებიან IOM-ში.
აღსანიშნავია, რომ R-Empower ავსებს IOM-ის მიმდინარე ინიციატივებს, მათ შორის ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის (AVRR) პროგრამას. თუ AVRR მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისთანავე, მოკლევადიან პერიოდში პროექტი "გაუმჯობესებული შესაძლებლობები საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის - (R-Empower) მათ გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და საზოგადოებაში სრულფასოვან დამკვიდრებაზეა გათვლილი.



























