USAID-ის დახმარებით შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია” მეცხოველეობის მიმართულებით მოკლევადიან ტრენინგებს ჩაატარებს - ამის შესახებ სკოლის დირექტორმა თინათინ მახარაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, სკოლაში ექვსი მოკლევადიანი ტრენინგი შემუშავდა, რომელიც ეტაპობრივად ჩაეშვება.
“ჩვენ ისეთი ტრენინგები შევიმუშავეთ, რომელიც დღეს საქართველოშია აუცილებელი, ესენია: ცხოველთა მოვლა, კვება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, საძოვრების მართვა და რძის პროდუქტების წარმოება, ეს ტრენინგები ეტაპობრივად ჩაეშვება, ინტერესი ძალიან დიდია. ტრენინგების ხანგრძლივობა ერთი თვე იქნება და ჰიბრიდული სახის იქნება, პრაქტიკული ტრენინგები ნაწილობრივ ადგილზე ჩატარდება და ნაწილობრივ სწავლა ონლაინ, დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, რაც ბევრად მოსახერხებელია ფერმერებისთვის, ვინაიდან მათთვის ხშირად 1 თვე ფერმის დატოვება ძალიან რთულია”, - განმარტა დირექტორმა.
აგრარული სკოლა “კავკასიის" დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში მოკლევადიანი ტრენინგები აქამდეც ტარდებოდა, თუმცა ახლა პარტნიორებთან ერთად შვეიცარიაში ადაპტირებული მოკლევადიანი ტრენინგების დანერგვის შესაძლებლობა გაჩნდა. "გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ნებისმიერი მსურველი მივიღოთ და არა მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციის ბენეფიციარები”, - ამბობს მახარაძე.
ცნობისთვის: შვეიცარიული სკოლა „კავკასია“ დმანისში 2021 წელს 13 მლნ-იანი ინვესტიციით გაიხსნა და სასწავლო შენობასთან ერთად ფერმას და ყველის ქარხანასაც აერთიანებს. კომპანია კარაქს, იოგურტს და ხუთი დასახელების ყველს აწარმოებს.