მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვეიცარიული ბანკები ფრანკის სტეიბლკოინების ტესტირებას იწყებენ

შვეიცარიული სტეიბლკოინი

UBS-ის განცხადებით, ექვსი მსხვილი შვეიცარიული ბანკი გაერთიანდა, რათა ეროვნულ ვალუტასთან, ფრანკთან მიბმული სტეიბლკოინის გამოყენების შესაძლებლობები შეისწავლოს.

პროექტის ფარგლებში, კომპანია Swiss Stablecoin AG-თან თანამშრომლობით, შეიქმნება სპეციალური ციფრული გარემო, ე.წ. „სენდბოქსი“. აღნიშნული ინიციატივის მიზანი ბლოკჩეინ-აპლიკაციებისა და შვეიცარიული ფრანკის ერთმანეთთან დაკავშირების უსაფრთხო გზების ძიებაა.

ახალ ინიციატივაში UBS-ი, PostFinance-ი, Sygnum-ი, Raiffeisen-ი, ZKB და BCV-ი მონაწილეობენ, თუმცა პროექტი ღიაა სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვისაც. ბანკის განმარტებით, ამ დროისთვის შვეიცარიაში არ არსებობს რეგულირებული სტეიბლკოინი, რომელიც ფართო გამოყენებაში იქნება. ტესტირების პროცესი 2026 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მიზანი ქვეყნის ციფრული ფულის ეკოსისტემის გაძლიერებაა.

აღსანიშნავია, რომ გლობალური საბანკო სექტორი სულ უფრო მეტად ინტერესდება სტეიბლკოინებით და ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ წელს ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ რეგულაციებს მოაწერა ხელი. ამჟამინდელი ინფორმაციით, ევროპული ბანკების ჯგუფი, მათ შორის ING და BNP Paribas-ი 2026 წლის მეორე ნახევარში ევროსთან მიბმული ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავს. მსგავსი ნაბიჯებით ფინანსური ინსტიტუტები ცდილობენ, კონკურენცია გაუწიონ შტატებს ციფრულ გადახდებში.

ცნობისთვის, სტეიბლკოინი კრიპტოვალუტის სახეობაა, რომელიც ტრადიციული ვალუტებით არის გამყარებული და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მუდმივი ღირებულების შენარჩუნებაა. მიუხედავად ბაზრის სწრაფი ზრდისა, სექტორში კვლავ კომპანია Tether დომინირებს, ხოლო ბანკების მიერ გამოშვებულ ანალოგებზე მოთხოვნა ჯერჯერობით დაბალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები