ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი "სრულიად უკანონოდ" არ უბრუნებს თანხას, რომელიც მან სასამართლოში მოიგო. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ამ თანხაზე არავითარი სანქცია არ მოქმედებს და შესაბამისად, ბანკი მისთვის ამ სახსრების გადაცემაში სანქციებით შეზღუდული არაა, თუმცა Julius Baer-ი ამას მაინც არ აკეთებს.
ივანიშვილი ამ განცხადებაში საუბრობს ბერმუდის კუნძულებზე, UBS/Credit Suisse-ის წინააღმდეგ მოგებულ დავაში 607 მილიონი დოლარის კომპენსაციაზე. აღნიშნული განაჩენი ბერმუდის სასამართლომ 2022 წლის ივნისში მიიღო და მის ფარგლებში ბანკმა 607 მილიონი დოლარი განათავსა შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის სარგებლიან ესქროუ ანგარიშზე და ეს თანხა ივანიშვილისთვის ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ყველა ინსტანციის სასამართლოში გაიმარჯვებს.
საქმე ისაა, რომ UBS/Credit Suisse-მა განაჩენი გაასაჩივრა და 2025 წლის 16-19 ივნისს, ლონდონში გაერთიანებული სამეფოს ზღვის იქითა ტერიტორიების (ბერმუდა, კაიმანის კუნძულები და სხვა) უკანასკნელ სააპელაციო ინსტანციაში, Privy Council-ში გაიმართება ამ საქმის მოსმენა, რის შემდეგაც ივანიშვილისთვის დადებითი განაჩენის შემთხვევაში აღნიშნული კომპენსაცია ივანიშვილს ჩაერიცხება. თუმცა, როგორც სხვა პარალელური საქმიდან ირკვევა, ივანიშვილი უკვე ითხოვს მოგებულ 607 მილიონ დოლარზე წვდომის მოპოვებას, რისთვისაც ბანკს უზრუნველყოფაში საქართველოში მის აქტივებს სთავაზობს. შესაბამისად, საქმე შეეხება ივანიშვილის მიერ კომპენსაციის სახით მოგებული თანხის მიღებას იქამდე, ვიდრე საქმეზე საბოლოო განაჩენი იქნება მიღებული. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ Julius Baer-ი მას თანხას უკანონოდ არ აძლევს.
"წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ, ფორმალური სანქციები. (ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი „იულიუს ბერი“ ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული.)"- წერს ბიძინა ივანიშვილი ვრცელ განცხადებაში, რომელიც ძირითადად საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს შეეხება.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ აშშ-ს მიერ ივანიშვილისთვის 2024 წლის 27 დეკემბერს დაკისრებულ ფინანსურ სანქციებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილს აშშ-ს შესაბამისი ნებართვის გარეშე შეზღუდული აქვს სინგაპურში მოგებული დავიდან კომპენსაციის მიღება (საუბარია 461 მილიონ დოლარზე), თუმცა ამ სანქციების დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ბერმუდის კუნძულებზე (და ახლა უკვე ბრიტანეთის Privy Council-ში) მიმდინარე სამართლებრივი დავის შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაკისრებული კომპენსაცია (ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებით) 607 მილიონ დოლარს შეადგენს.




























