საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფკავშირს – კონსტიტუციის 78-ე მუხლი - საჯარო რეესტრი რამდენიმე თვეა, ოფიციალურად არ არეგისტრირებს. პროფკავშირის თავმჯდომარე კახი სამხარაძემ "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, რომ "მარეგისტრირებელი ორგანო პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა".
პროფკავშირის თავმჯდომარემ BMG-სთან აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრმა ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარი შვიდჯერ განაცხადა, შვიდივე შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზით.
"საჯარო რეესტრი უკვე რეესტრი აღარ არის, არამარეგისტრირებელ ორგანოდ იქცა, იმიტომ რომ ჩვენ კი არა, მოძრაობასაც "სოციალური დემოკრატიისთვის"- უქმნის ბარიერებს რეგისტრაციის პროცესში - ეს უკვე გახდა პოლიტიკური ინსტრუმენტი და არა სამართლებრივი ფაქტის დამადასტურებელი ორგანო.
ცალსახაა, რომ ჩვენ მიმართ ეს არის არასამართლებრივი გადაწყვეტილება. ჩვენ დაგვიწუნეს სახელწოდება, ოღონდ ეს მოხდა შვიდგზის მიმართვის შემდეგ. ბუნებრივია, როდესაც სახელში ხარვეზს ხედავს მარეგისტრირებელი უწყება, ამაზე პირველივე შეჩერების ფაზაში უნდა გაკეთდეს აქცენტი და არა შვიდჯერ მიმართვის შემდგომ. თუმცა გვაქვს ჩვენი ბრძოლის გამოცდილება და გავაგრძელებთ ბრძოლას. გვეუბნებიან, რომ სახელწოდება სამი ორგანიზაციის დასახელებას ემთხვევა, თუმცა ამ სამიდან ორის თანხმობა უკვე გვაქვს. დაგვრჩა ერთი ორგანიზაციის თანხმობა, რომელიც ცენტრალურ პროფკავშირებშია გაწევრიანებული, რომლებსაც უკვე შევხვდით და ოფიციალურადაც მივმართავთ", - განარტავს სამხარაძე.
რეგისტრაციაზე უარის თქმით საფუძვლით, პროფკავშირებმა საჩივრით "შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას" (IOL) მიმართა, მანამდე კი იმავე ორგანიზაციას საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართეს.
"IOL-სგან პასუხების მოლოდინი ამ ეტაპზე, მოკლე პერიოდში, არ გვაქვს; ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია უფრო შორს იხედება და უფრო ხანგრძლივი პროცესია. რაც შეეხება რეგისტრაციის საკითხს, ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები და ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ILO-სთვის მიმართვა, ამ გზით გადავწყვიტეთ სვლა.
ჩვენ გვქონდა პოზიტიური მოლოდინი, რომ ცენტრალური პროფკავშირი შეიძლებოდა დაგვხმარებოდა და მხარი დაეჭირათ, რადგან დღეს, ფაქტობრივად, მათ ხელშია ეს საკითხი, მათ თანხმობას გვთხოვენ. შესაძლოა, შრომის ორგანიზაციის ჩართულობა არც იყოს საჭირო, ცენტრალურმა პროფკავშირმა შეიძლება მარტივად გადაწყვიტოს ეს პრობლემა. არ შევდივართ კონფრონტაციაში, ეს ჩვენი მიზანი არაა, უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან და მხარს დაგვიჭერენ", - აცხადებს სამხარაძე.




























