გასულ ღამეს უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული იერიშის დროს მოლდოვის საჰაერო სივრცე შვიდმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, Shahed-ის ტიპის ერთი დრონი დედაქალაქ კიშინიოვის თავზეც შენიშნეს.
უწყების ინფორმაციით, ხუთი დრონი სოფლების კელტუიტორის, პოჰორნიჩენის, პოჰრებენის, კუჰურეშტი-დე-ჟოსისა და ბაქსანის მახლობლად ჩამოვარდა. მეექვსეს სავარაუდო ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება ოკნიცის რაიონიდან შევიდა. რაც შეეხება მეშვიდე აპარატს, ის ქალაქ ლეოვას საზღვრის კვეთის შემდეგ გაუჩინარდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქვეყნის საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევა დაგმო. მან აღნიშნა, რომ მოლდოვის მოქალაქეები შეშფოთებულნი არიან და რომ მომხდარი მოსკოვის მხრიდან ნეიტრალიტეტის, სუვერენიტეტისა და ადამიანის სიცოცხლის უგულებელყოფის მძიმე მაგალითია.
"მოლდოვას მშვიდობა სურს და მშვიდობისთვის მუშაობს, თუმცა ჯერ კიდევ არ შეგვიძლია, თავი დავიცვათ დრონებისგან, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება", - განაცხადა სანდუმ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მოლდოვის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის შემთხვევები გახშირდა. 12 ნოემბერს მოლდოვის პოლიციამ ოდესის ოლქის მოსაზღვრე ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები აღმოაჩინა.
























