უალკოჰოლო სასმელების ელექტორნული მარკირების წესი 2015 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. მიუხედავად იმისა, რომ მარკირების საფასურის გადახდა ფინანსთა სამინისტრომ თავის თავზე აიღო, ბიზნესი აცხადებს, რომ მარკირების აპარატი ხარვეზებით მუშაობს, რაც კერძო სექტორს ფინანსურად სერიოზულად აზარალებს. მათი თქმით, დაუმარკავი პროდუქციის ბაზარზე მოხვედრის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მწარმოებელს ეკისრება მაშინ, როცა მწარმოებლები მარკირების პროცესს არ აკონტროლებენ. ერთი ბოთლი დაუმარკავი პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში კი ჯარიმა 500 ლარია.
მარკირების განმახორციელებელი კომპანია SICPA ბიზნესის ბრალდებებს არ იზიარებს და პასუხისმგებლობას თავად მწარმოებლებს აკისრებს.
"აპარატები გამართულად მუშაობს. ნორმატივები გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით, რომლითაც დაუმარკავი პროდუქცია უნდა იყოს 0,1% და ამ ნორმატივებში ზის. ჩვენი აპარატი როცა დაუმარკავ პროდუქციას უშვებს შეტყობინებას მეწარმეს აძლევს რომლის ამოღების ვალდებულებაც მას აქვს და რასაც ზოგი არ აკეთებს. იმ ქარხნებში, რომელთაც ამომგდები აპარატი უყენიათ, ასეთი შემთხვევები საერთოდ არ არის. ჩვენ არ გვაკისრია პოლიციური ფუნქცია, რომ შევამოწმოთ და არ გავუშვათ ბაზარზე დაუმარკავი პროდუქცია. დაუმარკავი პროდუქციის ქსელში მოხვედრა 100%-ით მწარმოებლის პასუხისმგებლობაა", - აცხადებს BM.GE-თან SICPA-ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, გიორგი ჯიქიძე.

























