„შემოსავლების სამსახურის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამთ“, - ასე ეხმაურება საქართველოში SICPA-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გიორგი ჯიქია „ომეგა ჯგუფის“ მიერ მათი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს.
„ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არც შემოსავლების სამსახური და არც მისი კონტრაქტორი კომპანია „სიქფა“ არ სცემენ პასუხს, რატომ არ მიაწოდეს დადასტურებული შეკვეთის შესაბამისი ინვოისი, რომ კანონით დადგენილი წესით მიეღოთ აქციზური მარკები და კიდევ ერთხელ არ მომხდარიყო წარმოების პარალიზება. სწორედ იმის გამო, რომ არცერთი მხარე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას არ იძლევა, ომეგა ჯგუფმა შემოსავლების სამსახურისა და SICPA-ს წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართა.
BM.GE-სთან საუბარში საქართველოში SICPA-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მათ მიმართ „ომეგა ჯგუფის“ წაყენებულ ბრალდებებს არ იღებს და იქიდან გამომდინარე, რომ ისინი კონტრაქტორ კომპანიას წარმოადგენენ, სრულ პასუხისმგებლობას შემოსავლების სამსახურს აკისრებენ.
„ჩვენ შემოსავლების სამსახურის კონტრაქტორები ვართ. შემოსავლების სამსახურის ნებართვის გარეშე ვერც გავცემ მარკებს და შემოსავლების სამსახურის ნებართვა თუ არის, რომ არ გავცე, მაშინაც დავისჯები. როგორ გგონიათ, შემოსავლების სამსახურის ნებართვა იყო და მე მარკები არ გავეცი?
იყო ერთი დასტური, მაგრამ საჭიროა, ორმაგი დადასტურება. გარდა იმისა, რომ ადასტურებენ სისტემაში, მე მეგზავნება წერილობითი თანხმობა შემოსავლების სამსახურისგან გაცემაზე. წერილობითი თანხმობა არ მიგვიღია და როგორ გამეცა?
შემოსავლების სამსახურის ნებართვის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამთ. როგორ წარმოგიდგენიათ, შემოსავლების სამსახურმა ნებართვა გასცა მარკები გაეციო და მე არ გავეცი? მეორე დილასვე გამიუქმებდა შემოსავლების სამსახური კონტრაქტს“, - განმარტავს გიორგი ჯიქია.