ავსტრალიის ქალაქ სიდნეის მასშტაბური ხანძარი უახლოვდება. ცეცხლი უკვე ქალაქიდან 60 კილომეტრშია და მის შეჩერებას მეხანძრეები ვერ ახერხებენ. ხანძარი ამ დროისთვის 300 000 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზეა გავრცელებული. მოსახლეობის ნაწილს, ვისაც ხანძარი ემუქრება, საცხოვრებლების დატოვებისკენ მოუწოდებენ. ცეცხლის გავრცელებას ქარი და მაღალი ტემპერატურა (40 გრადუსი) უწყობს ხელს.
შეგახსენებთ, ოქტომბერში ხანძარმა ავსტრალიის მასშტაბით 700-ზე მეტი სახლი გაანადგურა. დაიღუპა ექვსი ადამიანი. სტიქიამ ახალი სამხრეთ უელსის, ვიქტორიის, სამხრეთ ავსტრალიის და ტასმანიის შტატები მნიშვნელოვნად დააზარალა. სიდნეისთან ახლოს მძვინვარე ხანძარმა კი ქალაქში ჰაერის ხარისხის გაუარესება გამოიწვია. სტიქიის გამო, სიდნეიში ძლიერი სმოგია.