მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიდრი ქართველებისთვის უცხო სასმელია, ამიტომ მოთხოვნაც ალტერნატიულ სასმელთან შედარებით დაბალია – "Apple N4"

6411d36424be6
სალომე ხიდურელი
19.03.23 18:17
2430
ქართული ბრენდი „მეოთხე - Apple N4“ უკვე წელიწად-ნახევარია ადგილობრივი ნედლეულისაგან ვაშლის სიდრს აწარმოებს. კომპანიის გენერალური დირექტორი ლუკა ლიპარტელიანი ქართველი მომხმარებლებისათვის უცხო სასმლის წარმოების სირთულეებზე BM.GE-სთან საუბრობს.

„სიდრი ევროპული წარმოშობის ვაშლის ალკოჰოლური სასმელია. წელიწად-ნახევარია ვცდილობთ, ქართული სიდრის ტრადიციას ჩავუყაროთ საფუძველი და ქართველების საყვარელ სასმელად ვაქციოთ. სიდრი ქართველებისთვის ჯერ-ჯერობით უცხო სასმელია, ამიტომ მოთხოვნაც ალტერნატიულ სასმელთან შედარებით, დაბალია. აქტიურად ვმუშაობთ საქართველოში სიდრის პოპულარიზაციაზე. ჩვენი მიზანია, ამ სასმლის მომხმარებელთა სეგმენტის გაფართოებას შევუწყოთ ხელი. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ეძებენ ახალ გემოებს და რეკომენდაციით „მეოთხეს“ სასმელს აგნებენ, რის შედეგადაც ჩვენი ერთგული მომხმარებლები ხდებიან. ამ ეტაპზე, ყველაზე დიდ გამოწვევას ბაზრის დანარჩენი ნაწილისათვის სიდრის შეყვარება წარმოადგენს, მაგრამ ამ მიზანს თანდათან ვუახლოვდებით“, - ამბობს ლუკა ლიპარტელიანი.

მისი თქმით, „მეოთხეს“ მთავარი მიმართულება ამ ეტაპზე კლასიკური, ნახევრად მშრალი სიდრის წარმოებაა, თუმცა დაბალი წარმადობით იქმნება სეზონური და ექსპერიმენტალური სახეობები მარწყვის, ალუბლის, ჟოლოსა და მოცვის არომატებით, რომლებიც ასევე ვაშლის სიდრის ბაზაზე, ყურადღებით შერჩეული პროპორციებით მზადდება.

ლუკა ლიპარტელიანი განმარტავს, რომ წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება კომპანიას გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს.

„ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხარისხის შენარჩუნებაა. არ გვსურს წარმოების გაზრდა ხარისხის კომპრომისით. წვენი, რომელზეც სიდრი დუღდება, 100%-ით ქართული ვაშლისგანაა გამოხდილი, რაც თავისთავად გვაყენებს სტაბილურობის გამოწვევის წინაშე: როგორ შევინარჩუნოთ გემო წარმადობის რაოდენობის გაზრდასთან ერთად? საქართველოში მოყვანილი ვაშლის დიდი ნაწილი ზედმეტად არომატული და ტკბილია, რაც ფერმენტაციის პროცესში ალკოჰოლის დონის ზრდას იწვევს და სასმელი სხვა სტილში გადაჰყავს. შესაბამისად, სწორი ნედლეულის შერჩევის გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რადგან წარმოებაში ქიმიური კონცენტრატების გამოყენებას არასდროს ვაპირებთ“, - ამბობს ლუკა ლიპარტელიანი.

ცნობისთვის, „მეოთხეს“ სიდრის შეძენა ჰორეკა სექტორის სხვადასხვა კომპანიებში, თბილისის, ბათუმისა და თელავის მასშტაბით შეგიძლიათ.
კომპანიის საწარმო თელავში მდებარეობს და 30-მდე ადამიანს ასაქმებს. „მეოთხეს“ თვიური წარმადობა 0.33 ლიტრიანი 5000-მდე ბოთლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები