მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სიგარეტზე აქციზის ამგვარი ზრდით ევრორეგულაციები ირღვევა - სხვიტარიძე

ზვიად სხვიტარიძე

ZTN Consulting-ის დამფუძნებელი ზვიად სხვიტარიძე ამბობს, რომ სიგარეტზე აქციზის ზრდის ეს სისტემა არათანაბარ პირობებში აყენებს ადგილობრივ ბიზნესს და იმპორტიორ კომპანიებს.

სხვიტარიძე მიიჩნევს, რომ აქციზის ზრდის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მთავრობას ბიუჯეტის შევსება უჭირს და გადასახადის ზრდით შესაძლო დანაკლისის შევსებას ცდილობს.

"აქციზი რადიკალურად იზრდება. აქ არსებობს როგორც ფიქსირებული, ასევე ადვალური კომპონენტი. ადვალური ნაწილი 30%-დან 20%-მდე მცირდება, თუმცა ფიქსირებული კომპონენტი იმპორტირებულ პროდუქციაზე 85 თეთრით იზრდება. როდესაც სახელმწიფოს უჭირს და ქვეყანას კრიზისული მდგომარეობა აქვს იმ ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელიც ახლაა აქციზის ზრდა კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას. ეს ნაბიჯი ასახავს ბიუჯეტის დეფიციტურ პოზიციასაც, რადგან სწორედ ასეთ ვითარებაში გადადიან თამბაქოზე აქციზის ზრდაზე.

სამწუხაროდ, აქ პირველ რიგში ირღვევა ევრორეგულაციები. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში ასეთ პირობებში ადგილობრივი ბიზნესი და იმპორტირებული პროდუქცია არ ექცევა ერთმანეთისგან განსხვავებულ და უთანასწორო პირობებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. იგივე შეეხება WTO-ის რეგულაციებსაც, რომლებიც ამ შემთხვევაში აშკარად ირღვევა.

არანაირი RIA [რეგულაციის ზეგავლენის ანალიზი] არ არსებობს. განმარტებით ბარათში საერთოდაც არ არის შეფასებული, რა გავლენები შეიძლება ჰქონდეს ამ ცვლილებას: სამართლებრივი, იურიდიული, ეკონომიკური, სოციალური ან ბიზნესის პროგნოზირებადობის კუთხით", - აცხადებს სხვიტარიძე.

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი კოლოფზე 85 თეთრით, 2.75 ლარამდე იზრდება - ამას ითვალისწინებს "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი. ამავე კანონპროექტით, ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე აქციზის განაკვეთი, რაც ამჟამად იმპორტულის თანაბარი იყო და 1.9 ლარს შეადგენდა, 1.3 ლარით განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები