ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი ერთ-ერთი უთანხმოება გიორგი კვირიკაშვილთან მოგების გადასახადის გაუქმებას უკავშირდებოდა. როგორც მან განაცხადა, მოგების გადასახადის გაუქმების გამო, რათა ბიუჯეტში თანხა კვლავ შესულიყო გაიზარდა აქციზური გადასახადები თამბაქოსა და ღვინოზე, რამაც ივანიშვილის განცხადებით, მოსახლეობა გააღარიბა.
„Unicef კვლევაში ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად თუ რატომ გაღარიბდა, ხალხი ეწერა რომ სიგარეტზე გაიზარდა აქციზები. წინდაუხედავობა რაზეც შიდა კამათი მქონდა კვირიკაშვილთან სწორედ ეს გახდა, რომ არ შეიძლებოდა მოგების გადასახადის ესე ერთ დღეში გაუქმება. აქციზი სიგარეტსა და ღვინოზე გაძვირდა და მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდა“, - ამბობს ივანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის გაუქმების შემდეგ, საბიუჯეტო შემოსავლების დასაკომპენსირებლად, მთავრობამ აქციზური გადასახადი გაზარდა ალკოჰოლზე, თამბაქოსა და საწვავზე.