მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სიღარიბის დონის კლებას ხელი შეუწყო ინკლუზიურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ - სამინისტრო

ვახტანგ ცინცაძე

სიღარიბის დონის კლებას ხელი შეუწყო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ.

საქმე ის არის, რომ საქსტატის ინფორმაციით, შარშან საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი [აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი] წლიურად 2.4 პროცენტული პუნქტით 9.4%-მდე შემცირდა. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი პანდემიური 2020 წლის გამოკლებით მუდმივად მცირდება და შარშან ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

"გაიზარდა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, რაც სიღარიბის შემცირების და დასაქმების ზრდის ბუნებრივ გზას წარმოადგენს", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, "თუ ამ მაჩვენებელს რაოდენობრივ გამოხატულებაში შევხედავთ, ვნახავთ, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში სიღარიბეს 90 ათასზე მეტმა, ხოლო 4 წლის ჭრილში 445 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი“.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს განპირობებულია თანმიმდევრული და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით.

„ერთი მხრივ, აქ მნიშვნელოვანია მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, მაგალითად, 2024 წელს, საქართველოში, გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი - 9.4 პროცენტი იყო, ხოლო მეორე მხრივ, აღსანიშნავია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ინკლუზიურობის ზრდაზე და ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნებული იქნება, რაც, თავისთავად, აისახება სიღარიბის შემდგომ შემცირებაში, დასაქმებულთა ზრდაში და ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების გაუმჯობესებაში“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორ თვლის საქსტატი ქვეყანაში სიღარიბეს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები