GEM FEST-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ შპს 'არტ პლატფორმის' საგადასახადო შემოწმების დასრულების შედეგად აღმოჩენილი საგადასახადო დარღვევების შესახებ BM.ge-დან შეიტყო.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის საგადასახადო დარღვევა, რის გამოც ხსენებულ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 678 514 ლარის ოდენობის თანხა დაერიცხა
სიგუას თქმით, ის დაელოდება საგამოძიებო სამსახურისგან ოფიციალური შეტყობინების მიღებას საგადასახადო შემოწმების დასრულებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც შედეგებს შესაბამის ორგანოში გაასაჩივრებს.
"რომელ საგადასახადო დარღვევებზე ან გადასახადის დამალვაზეა საუბარი, როდესაც უზარმაზარი მინუსებით დავამთავრეთ წელი. როგორც ჩანს, ვერაფერი რომ ვერ ნახეს, ადგნენ და უფასოდ გაცემული ბილეთები დაბეგრეს. არადა, ეგ უფასო ბილეთებიც სულ სამთავრობო სტრუქტურებმა წაიღეს - 6000 ცალი; კიდევ კარგი, ეგ სიები შენახული მაქვს", - განაცხადა სიგუამ BM.ge-თან და კონკრეტული სამინისტროების დასახელებისგან თავი შეიკავა.

























