არჩევნებიდან მეორე დღეს – 27 ოქტომბერს – ფადი ასლიმ BMG-ის ინგლისურენოვანი გადაცემის The Checkpoints-ის პირდაპირ ეთერში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური წინასწარი შედეგები შეაჯამა და ის გავლენაც შეაფასა, რაც ‘მოპარულ არჩევნებს’ შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეზე, ეკონომიკასა და ბიზნესგარემოზე.
- მოგესალმებით, ბატონო ფადი. ელოდით თუ არა ამ შედეგებს?
- მე ველოდი შედეგებს, რომლებიც გამოქვეყნდებოდა და არა შედეგებს, რომელთა მანიპულაციასაც მოახდენდა ცენტრალური საარჩევნო კომისია. დარწმუნებული ვიყავი, რომ არჩევნების ბოლოს ქართული ოცნება ტრიუკს შემოგვთავაზებდა - სულ მაინტერესებდა, ეს ტრიუკი რა იყო. ცხადია, მათ თავიდანვე გატეხეს ელექტრონული სისტემა და ასევე გამოიყენეს ბევრი სხვა მეთოდი. ეს ძალიან გულდასაწყვეტია - არა ჩემთვის - მე საერთაშორისო ბიზნესმენი ვარ და ჩემს ბიზნესს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გავიტან, მაგრამ ეს დიდი იმედგაცრუება იქნება ქართველი ხალხისთვის - მათი ასპირაციებისთვის, მათი მომავლისთვის, მათი შვილების და შვილიშვილებისთვის. სამწუხაროდ, საქართველო შეუერთდა არშემდგარი სახელმწიფოების ჯგუფს - როგორებიცაა რუსეთი, ვენესუელა, ბელარუსი. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, სიხარბე და ძალაუფლების სიყვარული, კორუფცია - ეს ჭამს დღეს ქვეყანას..
- ეს შედეგები ლოგიკურია? შესაძლებელია, რომ რუსული კანონის შემდეგ, იმხელა პროტესტის ფონზე საქართველოს ქუჩებში, რასაც საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის შეჩერება მოჰყვა - აი, თუნდაც, ყველა ამ ნაბიჯის შემდეგ, ქართული ოცნება ისეთივე ძლიერი გამხდარიყო ამომრჩევლის თვალში, როგორც 2012 წელს და პირიქით, არ დაეკარგა ძალიან ბევრი ხმა?
- აშკარაა, რომ შედეგები მანიპულირებულია. გრაფიკა ვნახე ცოტა ხნის წინ, სანამ სტუდიაში შემოვიდოდი - ისტორიულ ტრენდს აჩვენებს ედისონის ეგზითპოლებსა და საბოლოო შედეგებს შორის - შესამჩნევია, რომ 2018 წლიდან მოყოლებული ედისონის შედეგები ძალიან ახლოს იყო არჩევნების რეალურ შედეგებთან - გუშინდელ შედეგებს თუ შეხედავთ, დევიაცია იმდენად უზარმაზარია, რომ სიცილი მოგინდებათ. მათემატიკურად შეუძლებელია ის, რაც გრაფიკაზე ჩანს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თუ დავუჯერებთ, იმაზე უფრო პოპულარულიც კი ყოფილა ქართული ოცნება, ვიდრე 2012 წელს იყო. მასკარადია, სამწუხაროდ - ის, რაც ასე დამახასიათებელია არშემდგარი სახელმწიფოებისთვის. ბანანის რესპუბლიკისთვის. და დღეს სწორედ რეალურ ბანანის რესპუბლიკაში ამოვყავით თავი. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან - მათ შორის, ეუთოს შეფასებაზეც. თუ სიმართლეს იტყვიან და საკუთარ რეპუტაციას და სანდოობას ეჭვქვეშ არ დააყენებენ, მაშინ ლეგიტიმაცია არ უნდა მისცენ ამ არჩევნებს. თუმცა, თუ ლეგიტიმაციას მაინც მისცემენ, მაშინ ბევრი გზა აღარ დარჩება.
- რამდენად ადვილი იქნება გაყალბების დასაბუთება, როცა ხმის მიცემის დიდი ნაწილი ელექტრონულად წარიმართა?
- ძალიან რთული იქნება - თუმცა, არა - შეუძლებელი. წვდომაა საჭირო ტექნიკასთან. მაგრამ, ეს არასდროს მოხდება, რადგან ქართული ოცნება არასდროს დაუშვებს რომელიმე დამოუკიდებელი მხარე გაეკაროს და აუდიტი ჩაუტაროს ამ ტექნიკას. ძალიან რთული იქნება ამის დამტკიცება. დიახ, შესაძლებელი იქნება კარუსელის დამტკიცება, მოსყიდვის და ა.შ. - ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია, თუმცა, თუ მანქანები დაჰაკულია, ამის დამტკიცება რთული იქნება. რამდენიმე თვის წინ გამოვაქვეყნე სტატია, სადაც ვაფრთხილებდი, რომ ელექტრონული ხმის მიცემა ძალიან სახიფათო იყო და რომ პროგრამულადაც და ტექნიკურადაც შესაძლებელი იქნებოდა მანიპულირება და დაჰაკვა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიპასუხა, რომ ეს შეუძლებელი იყო. თუმცა, დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ეს ასეა. შევხედავთ, ვნახავთ, რა იქნება. დღეს ფსონები ძალიან მაღალია - ეს არ არის 2020 წელი. ვნახავთ, რა როგორ იქნება, მაგრამ რაც ჩანს, ამას არ ექნება პოზიტიური გავლენა ბიზნესგარემოზე და ეს ცხადია.
- როცა ახსენეთ, რომ 2020-თან შედარებით, დღეს ფსონები მაღალია - რა იგულისხმეთ უფრო კონკრეტულად?დღეს საქმე საქართველოს და სომხეთის მომავალს ეხება. თუ საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, დამოუკიდებლად სომხეთის შანსები კიდევ უფრო დაბალი იქნება . გეოპოლიტიკურად - იმის გათვალისწინებით, რაც ხდება უკრაინაში, რუსეთის შეჭრა და ომი - დასავლეთი ორ დასაყრდენს კარგავს - საქართველოს და უკვე სომხეთსაც. ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ დღეს ფსონები გაცილებით მაღალია, ვიდრე 2020 წელს იყო.
- ბიზნესგარემოც ახსენეთ, დაგვიკონკრეტეთ, რა კონტექსტში - რა ტიპის გავლენას ელოდებით?
- პირველი, რაც მოხდება და ამას უკვე ხვალიდან დააკვირდებით, ეროვნული ბანკი გააგრძელებს დიდი რაოდენობით დოლარების გაყიდვას იმისთვის, რომ დაიჭიროს ლარი. ბოლო 2 თვეში ეროვნულმა ბანკმა 400-500 მილიონი უკვე გაყიდა - ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით - თუმცა, მგონია, რომ ერთი ამდენის გაყიდვა კიდევ მოუწევს - ადამიანები ფულს ლარში არ შეინახავენ იმ პანიკის პირობებში, რაც არჩევნების შედეგებში გარკვევას მოჰყვება. სრულიად ლოგიკურია, რომ ამ პერიოდში ლარი გაუფასურდეს. დაივიწყეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არცერთი ახალი ინვესტორი დოლარსაც კი არ დააბანდებს ამ ქვეყანაში. სავარაუდოდ, ამ გაყალბებისთვის ქართულ ოცნებას სანქციებს დაუწესებენ, რაც დამატებით უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ უკვე არშემდგარი სახელმწიფოების კლუბში ვართ.
- რამ შეიძლება შემოაბრუნოს დღეს ეს სიტუაცია?
- ჩემი აზრით, არაფერმა. მხოლოდ იმან, რომ ქართულმა ოცნებამ დათმოს ძალაუფლება. ეს არ მოხდება და ამიტომ, არც არაფერი შეიცვლება. წინ საკმაოდ რთული პერიოდი ელოდება საქართველოს და ჩვენ.
- რა არის დღეს თქვენი მთავარი სათქმელი მაშინ?
- მე ლიბანიდან ვარ. ქვეყნიდან, რომელსაც ყოველთვის ტურბულენტური დრო უდგას. ბიზნესსაზოგადოება იქაც ახერხებს იყოს წარმატებული - მათ შორის, სამოქალაქო ომის მიუხედავად ამ ქვეყანაში. ბიზნესი ადაპტირდება ნებისმიერ მოცემულობასთან. რა თქმა უნდა, უფრო რთული იქნება - განსაკუთრებით, სანქციები თუ დაწესდება, რადგან ეს რეალურ ბიზნესს შეეხება და ამის შემდეგ, ჩვენ მხოლოდ არალეგიტიმური ბიზნესის აღზევებას დავაკვირდებით - მათ, ვინც ახლოს იქნება მთავრობასთან, ვინც შეეცდება გვერდი აუაროს სანქციებს. ეს ტიპურია ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელზეც სანქციები ვრცელდება. ამდენად, წინ საკმაოდ რთული გზა გველის - ზოგი ბიზნესი გაკოტრდება, ახალი ბიზნესები აღმოცენდება - ასე ხდება რთულ პერიოდში. საქართველოს რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვნად შეიალახა და ახლა ეუთოს შეფასება გვაჩვენებს, მათი რეპუტაციაც ისევე შელახულია თუ არა, როგორც საქართველოს რეპუტაცია.
- და რა მოლოდინი გაქვთ - რა შეიძლება თქვას ეუთომ? შეიძლება არ აღიაროს ეს არჩევნები?
- მე ზოგადად არ ვენდობი საერთაშორისო ორგანიზაციებს. ეს ჩემი პერსონალური ფილოსოფიაა. ბიუროკრატები არიან, რომელთაც საერთოდ არ ადარდებთ, გარეთ რა ხდება, იღებენ ხელფასს და ზედმეტი თავის ტკივილი არ სჭირდებათ. მათ არ სურთ კონფრონტაციის შუაგულში ყოფნა. არ გამიკვირდება, ლეგიტიმაციაც რომ მისცენ ამ არჩევნებს - იმიტომ, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი არიან. არ ადარდებთ.
- რადგან დიდწილად მაინც კრისტალის ბურთზე ვმარჩიელობთ - მაშინ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე - რა სცენარებს ხედავთ ამ ვითარებაში საქართველოს განვითარებისთვის - სანქციები ახსენეთ რამდენჯერმე და რაც მთავარია - ყველაზე მაღალი ფსონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე გვიდევს ..
- ჩვენ შეიძლება უვიზო რეჟიმი დავკარგოთ - ეს რეალური შესაძლებლობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მე და თქვენ - პატიოსან მოქალაქეებს მოგვიწევს საელჩოებში ვიზის რიგებში ჩადგომა. ეს ერთი. საპროტესტო გამოსვლები - ესეც მოსალოდნელია. მაგრამ კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობაა - ძალადობა - მკვლელობები, ადამიანების ცემა, საჯარო პირების დაკავება და დაპატიმრება. არასტაბილურობა და ძალადობა ის მოცემულობაა, რასაც კრისტალის ბურთი არც სჭირდება. საღი აზრიც საკმარისია. აქ ხალხის ფსიქოლოგიაც უნდა გვესმოდეს: როცა დემოკრატიაში ხარ და ერთი მხარე დემოკრატიის წესებით არ თამაშობს, ვერ გექნება მოლოდინი, რომ მეორე მხარე დემოკრატიული წესებით გააგრძელებს თამაშს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ძალადობა იქნება. ლოგიკაა ასეთი. საქართველოსთვის ძალიან არასტაბილური პერიოდი მოდის, რასაც გავლენა ექნება ეკონომიკაზე, ბიზნესზე, ქვეყნის რეპუტაციაზე, მომავლის ასპირაციებზე და ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საყინულეში აღმოვჩნდებით სანამ, ახალი გეოპოლიტიკური ცვლილებები არ დადგება დღის წესრიგში, რამაც შესაძლოა ჩვენზე დადებითი გავლენა მოახდინოს. თუმცა, ამ პერიოდში დაკარგულ თაობას მივიღებთ - 20-30 წლის ახალგაზრდებს - რომლებიც ან ემიგრაციაში წავლენ, ან მოუწევთ, თავიანთი მომავალი იმის ლოდინში გაფლანგონ, რომ რაღაც მოხდება იმ ფონზე, როცა არაფერი ხდება.
- ამ სურათს აქვს რაიმე მეორე მხარე? მხარე, რომელიც ვინმეს შეიძლება დადებითად ეჩვენებოდეს და ჩვენ, მე და თქვენ ვერ ვამჩნევდეთ?
- ეჩვევით გადახდას. ეჩვევით. ეს არის დადებითი მხარე. დადებითი მხარის დანახვა ყოველთვის შეიძლება. ყოველთვის შეგიძლია თქვა, მადლობა - რომ ცოცხალი ვარ და ჯანმრთელი; მადლობა, რომ ნორმალური ხელფასი მაქვს - პრიორიტეტები შეიცვლება: საკუთარ თავზე კონცენტრირდები და დაგავიწყდება დემოკრატია, დიქტატორული რეჟიმი, ევროკავშირი და ყველა ეს თემა. საბჭოთა დროში როგორც იყვნენ ადამიანები, ისე იქნები - საკუთარი ბედნიერება და საკუთარი პატარა წრე იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, შეეგუები დიქტატორულ წესებს და ეგ იქნება. ამ გზით მივდივართ.
- მაგრამ როგორ გგონიათ,საკუთარი ბედნიერებით დატკბობის შესაძლებლობა იქნება ამ ახალი ტიპის დიქტატორულ რეჟიმში? საბჭოთა დიქტატურა და დღევანდელი განსხვავებული იქნება ალბათ და აქვს დღეს საქართველოს რესურები, მათ შორის, მატერიალური, ფინანსური, რომ შეინახოს ეს დიქტატურა?
- ნომენკლატურა იქნება და დღესაც არის ასეთი - ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესები, რომლებიც დიდ ფულს აკეთებენ. კიდევ უფრო მეტად შემცირდება საშუალო კლასი და ღარიბი ხალხი ღარიბად დარჩება ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ეს ღარიბი ხალხი საქართველოში ღარიბია შევარდნაძის დროიდან მოყოლებული. მათთვის რეალურად არაფერი შეიცვლება - დაემატებათ მხოლოდ გასაჭირი. გაიზრდება სუბსიდიები და იმის ნაცვლად, რომ ყველასთვის გაუმჯობესდეს გარემო და ყველა ერთად ამოვიდეს სიღარიბიდან, ამ ადამიანებს სუბსიდიის ნემსზე შესვამენ, რომ ბედნიერები იყვნენ 5 კილო პომიდვრით და კარტოფილით და 20 ლარით.
- როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა მეტი ძალისხმევის გაღება, რომ ამ ტიპის შედეგი არ მიგვეღო?
- არა. რა შეგიძლია, როცა გყავს ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს აკონტროლებს - იქნება ეს პროკურატურა, სასამართლო, სამინისტროები - ყველაფერი. რა შეგიძლია ამ დროს, როგორც მოქალაქეს? შეგიძლია ყველა ამ ინსტიტუტს მიმართო, მაგრამ იმას მიიღებ, რაც შენთვისაა გათვლილი წინასწარ. ოპოზიციამ მშვენივრად იმუშავა და დაამტკიცა, რომ საქართველოს უმრავლესობას არ უნდა ქართული ოცნება. ეს დღეს ყველამ იცის. ოფიციალური რიცხვები არაფრის მთქმელია, მათ არავინ ენდობა. არავინ ენდობა. ჩვენ ქართული ოცნება გვაპატიმრებს - ეს დიქტატურაა. ვინც არ ამბობს, რომ ქართული ოცნება დიქტატურაა - იდიოტია. ეს დიქტატურაა. უნდა ვიცხოვროთ ამ დიქტატურაში - მომავალში, კიდევ უფრო მეტად შეიზღუდება თავისუფლება: ადამიანებს, რომლებიც ჩემსავით საუბრობენ, ალბათ ქუჩაში სცემენ, ციხეში ჩასვამენ .. ეს მოხდება. და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. რთული პერიოდი მოდის საქართველოსთვის. და საქართველოსთვის და არა - ქართული ოცნების ნომენკლატურისთვის. ეს მათთვის ოქროს ხანა იქნება - იმიტომ, რომ ბევრად უფრო მეტად გამდიდრდებიან და მათი ოჯახების კეთილდღეობაც გაიზრდება. რთული პერიოდი დანარჩენი საქართველოსთვის დგება.
- არ მინდა ასეთი მომავლის დაჯერება.
- უნდა დაიჯერო. თუ არ დაიჯერებ, ვერ შეცვლი.
- ალბათ, მართალი ხართ. დიდი მადლობა.