- მორიგი ტრაგიკული შემთხვევა თბილისში - გუშინ საღამოს "ვაგზლის მოედანზე" შენობის ნაწილის ჩამონგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივები შენობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.
- როგორც ადგილზე მისულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მოსახლეობას მერიამ ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა შესთავაზა, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა აღნიშნული კორპუსის დემონტაჟი და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები. კალაძე გუშინ ამბობდა, რომ შენობას მე-5 კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, კორპუსი რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა, თუმცა ამის მიუხედავად შეთანხმებაზე მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა არ არსებობდა.
- მოგვიანებით შენობა მესამე კატეგორიად შეფასდა თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის ნიკოლოზ კახეთელიძის მხრიდან, რომელმაც მერის ნათქვამი შეასწორა და განაცხადა, რომ ეს კატეგორია შენობიდან მაცხოვრებლების იძულებით გაყვანას ან ტერიტორიის შემოღობვას არ გულისხმობდა. კახეთელიძემ დღეს ბმჯთან კიდევ ერთი ჩასწორება გააკეთა მერიის ნათქვამთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ შენობა ჩამონგრევამდე რეაბილიტირებული იყო.
- მორიგი განმარტება თბილისის მერმა დღეს გააკეთა, მომხდარი უბედურ შემთხვევად კლასიფიცირდა და თქვა, რომ ავარიულობის ხარისხი შეეშალა. დეტალების დასაზუსტებლად ჩვენ დღეს თბილისის განვითარების ფონდსაც დაუკავშირდით. ფონდის ახალი ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი ასევე იმეორებს ზემოთხსენებული პირების ნათქვამს შენობის ავარიულობის კლასიფიკაციასთან დაკავშირებით და ადასტურებს, რომ მას მესამე კატეგორია ჰქონდა, რაც ადამიანების გამოყვანას და ტერიტორიის შემოსაზღვრას არ ითვალისწინებს.
- კითხვაზე, რა ინტერვალით იცვლება ხარისხები და როდის მოხდა ბოლო მონიტორინგი უშუალოდ ამ ობიექტზე, ფონდში გვპასუხობენ რომ ამა თუ იმ შენობისთვის ხელახალი სტატუსის მინიჭება მას შემდეგ ხდება, რაც მოსახლეობა ფონდს შემოწმების მოთხოვნით მიმართავს. ანუ სხვა სიტყვებით ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული კლასიფიკაციაც ძალიან პირობითია და შესაძლოა სულაც არ ასახავდეს იმ სიმძიმეს, რაც ამა თუ იმ კორპუსს შეიძლება სინამდვილეში გააჩნდეს. ასევე რთულად პასუხ გასაცემია და უფრო ზუსტად კი უპასუხოა კითხვა, რა ხდება მაშინ თუკი კლასიფიკაციით ნაკლებად მძიმე, ამ შემთხვევაში მესახე ხარისხის შენობა ინგრევა და მას მსხვერპლი ახლავს თან, ვინ არის ასეთ დროს პასუხისმგებელი, როცა ჩანაწერი ადამიანების გასახლებას თუ ტერიტორიაზე დამატებითი უსაფრთხოების მოწყობას არ ითვალისწინებს?
- რაც შეეხება ჩანაცვლების პროგრამის წესებს და პირობებს, დღეს მთელი დღე ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ჩანაცვლებისას 100%-იანი თანხმობა საჭირო არ არის - სრულყოფილი ინფორმაციისთვის აქ უნდა ითქვას, 2023-ში შესაბამისს წესში შესული ცვლილებით 100%-იანი თანხმობა არ არის საჭირო მხოლოდ მაშინ, თუ ახალი კორპუსი აშენდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე. დღეს კალაძემ ამ თემაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ სრული თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტი ხალხს კერძო საკუთრებიდან მხოლოდ 2012 წლამდე ყრიდა.
- მეორეს მხრივ აქ მნიშვნელოვანია სამშენებლო კოდექსის ჩანაწერი, რომელიც იერარქიულად საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესზე მაღლა მდგომია. კერძოდ კი აქ საუბარია 56-ე მუხლის მეშვიდე ნაწილზე, რომლის მიხედვითაც - "თუ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე უძრავი ქონება ავარიულია და გამაგრებას არ ექვემდებარება, რაც დადასტურებულია შესაბამისი საექსპერტო დასკვნით, ამ შემთხვევაში ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მესაკუთრეს შენობის დემონტაჟის განხორციელებამდე სანაცვლოდ გადასცეს, სულ მცირე, ტოლფასი ქონება ან სამართლიანი და სრული კომპენსაციის თანხა, ან, თუ იმავე ადგილას იმავე ფუნქციის ახალი შენობა აშენდა, − ახალ შენობაში გადასცეს, სულ მცირე, იმ ფართობის ტოლი ფართობი, რომელიც მის საკუთრებაში იყო ძველ შენობაში."- ანუ თუკი მუნიციპალიტეტი ხედავს რომ ავარიული ფონდი ჩანაცვლებას საჭიროებს, ის ვალდებულია შესაბამისი ღონისძიებები დაიწყოს იმ არეალში რომელსაც თავად შემოსაზღვრავს.
✔️ #უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად


































