Silknet მზადაა "ტელეკომ იტალიას" სურვილის შემთხვევაში საკუთარი ინფრასტრუქტურა შესთავაზოს
თამუნა დემეტრაშვილი
06.07.18 16:00
• 858
კომპანია Silknet (სილქნეტი) მზადაა "ტელეკომ იტალიას“ საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლება მისცეს. როგორც Bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, მათ იტალიურ კომპანიას მინიმალური ტარიფებით მომსახურება შესთავაზეს.
"ჩვენ დავაკმაყოფილეთ ტელეკომ იტალიას წინადადება და შევთავაზეთ მათ მიერ მოთხოვნილი მინიმალური ტარიფით მომსახურება. ჩვენი ესეთი პოზიცია განპირობებულია იმით, რომ მიგვაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნებოდა: როგორც ქართული ბაზრისთვის, ისე ტელეკომ იტალიისთვის. გადაწყვეტილების მიღება კი მათი პრეროგატივაა“.-ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ წერილში, რომელიც bm.ge-მ მიიღო.
საუბარია ოპტიკურ მაგისტრალზე, რომელიც ,,სილქნეტის“ საკუთრებაშია და რომლითაც საქართველო ინტერნეტს თურქეთიდან იღებს. თანხმობის შემთხვევაში, არსებული მაგისტრალით ინტერნეტს და მასთან დაკავშირებულ სერვისებს იტალიური კომპანიაც შემოიტანს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით თბილისში საბაზისო ჩართვის წერტილის შექმნას გეგმავდა. თუმცა ეს თანხმობა საკმარისი არა არის იმისთვის, რომ იტალიური გიგანტი საქართველოს ბაზარზე შემოვიდეს. როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა bm.ge-ს განუცხადა, "ტელეკომ იტალიას“ სხვა პირობაც აქვს, რაც გულისხმობს გარკვეული მოცულობის ინტერნეტის გარანტირებულ რეალიზაციას.
"სანამ ეს გარანტიები არ აქვს, როგორც ვხვდები თავს იკავებს შემოსვლისგან. ასეთ გარანტიებს კი ვერავინ მისცემს, ის უბრალოდ მოლაპარაკებებს აწარმოებს ინტერნეტის მოცულობების გაყიდვაზე როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ოპერატორებთან და თუ კომერციულ გარიგებებს მიაღწევს, როგორც ჩანს მხოლოდ ამ შემთხვევაში ფიქრობს შემოსვლას“-განაცხადა ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიური კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. განცხადებები იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ ადგილობრივი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის კომპანიები, ხელს უშლიდნენ და მაღალი ფასის შეთავაზებით ხელოვნურად ბლოკავდნენ იტალიურ კომპანიას. მაშინ კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს ხელი შეეშალოს უცხოური ოპერატორების შემოსვლას ქართულ ბაზარზე.