მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სილქ როუდ ჯგუფი" $30-მილიონიანი ინვესტიციით მონაცემთა ცენტრს ააშენებს

გიორგი რამიშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი - "სილქნეტის" ჰოლდინგი "სილქ როუდ ჯგუფი" $30 მილიონი დოლარის ინვესტიციით, ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ქლაუდ სერვისების დატა ცენტრის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ჰოლდინგის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ეს ქვეყანაში პირველი AAA+ კატეგორიის დატა ცენტრი იქნება, რომელიც კომპანიის ინდუსტრიულ კლიენტებს უმსხვილეს კლიენტებს სასერვერო მომსახურებას გაუწევს.

"სილქნეტის" დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა აღნიშნა, რომ კომპანია $400-მილიონიანი ევრობონდის გამოშვებით მოზიდული სახსრებიდან დატა ცენტრის მშენებლობას დააფინანსებს. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ჯგუფი აგრძელებს "სილქნეტ ციფრულ ეკოსისტემის შექმნასა და გაძლიერებას", რაც ფინტექს, ციფრულ - სილქ ბანკს და ბევრი სხვადასხვა პროდუქტს მოიცავს, ეს კი მონაცემთა ერთიან ცენტრს საჭიროებს.

"ჩვენ ასევე ვიწყებთ დატა ცენტრის მშენებლობას, იმიტომ, რომ ამას სჭირდება ინფრასტრუქტურა. ეს იქნება ასე ვთქვათ AAA+, ასე ეძახიან, ეს არის უმაღლესი ხარისხის დატა ცენტრი, რომელიც დაახლოებით წელიწად-ნახევარში, ჩემი გათვლებით, უკვე იქნება დამთავრებული და მოემსახურება ჩვენ B2B კლიენტებს. დაახლოებით ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ სადღაც ტოპ 200 მსხვილ კორპორაციულ კლიენტს.

შესაბამისად, ამ სერვისის მიწოდებით ჩვენ გვექნება სრული სპექტრის ციფრული სერვისი. მოგეხსენებათ თუ ვაწვდით ამჟამად ინტერნეტს და სატელეფონო მომსახურებას, ამას ციფრული მომსახურება დაემატება და მომხმარებელს თავიდან ბოლომდე გამართულ სატელეკომუნიკაციო end-to-end სერვისს შევთავაზებთ - ეს არის ჩვენი სტრატეგია.

დატა ცენტრისთვის დაახლოებით 20 მილიონი ამერიკული დოლარი, ხოლო სახელფასო ფონდი და უცხოელი სპეციალისტების მომსახურების ჩათვლით 30 მილიონ დოლარამდე იქნება საჭირო. ეს არის ერთობლივი სამუშაო პროცესი. როგორც გითხარით, დაახლოებით წელიწადნახევარი, მაქსიმუმ ორი წელი, მაგრამ მე მგონია, რომ ეს იქნება უმაღლესი ხარისხის დატა ცენტრი და ქართველებს ძალიან კარგი პროდუქტი გვექნება - ეს არის კიბერუსაფრთხოება, ასევე სხვადასხვა ქლაუდ სერვისები უკვე აქ, თბილისში, საქართველოში იქნება", - აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.

ქლაუდ დატა ცენტრი არის ინფრასტრუქტურა, რომელიც მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს სერვერულ და მონაცემთა შენახვის სერვისებს. ასეთ ცენტრში განთავსებულია მრავალი სერვერი, რომლებიც მონაცემებს ამუშავებენ და ინახავენ მომხმარებლებისთვის — კომპანიებისთვის, სახელმწიფო უწყებებისთვის ან ქვეყნებისთვის. ქლაუდ-დატა ცენტრების გამოყენება ამცირებს ფიზიკური სერვერების საჭიროებას და უზრუნველყოფს გამოთვლით რესურსებზე უსაფრთხო, სტაბილურ და სწრაფ წვდომას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები