წლების განმავლობაში შეჩერებული პროექტის ბედი გადაწყვეტილი ისევ არ არის. „ბიზნესკონტრაქტი“ დაინტერესდა, რა ელის აჭარაში, ბათუმში TRUMP Tower-ის მშენებლობას.
როგორც "ბიზნესკონტრაქტს" პროექტის განმახორციელებელ „სილქ როუდ ჯგუფში“ განუცხადეს, მათ "ტრამპ კორპორაციასთან" უწყვეტი ურთიერთობა აქვთ მთელი ამ წლების განმვალობაში.
„მართალია, დონალდ ტრამპი პოლიტიკაში წავიდა, მაგრამ ორგანიზაცია არსებობს და კონკრეტულ თემებზე საუბარი არ შეჩერებულა. ტრამპის გაპრეზიდენტებით არაფერი შეიცვლება ჩვენს გემგებში და პროექტი აშენდება მაშინ როდესაც ეს იქნება კომერციულად გამართლებული“,- აცხადებენ კომპანიაში.
ბათუმური "ტრამპ თაუერის" პროექტი ცნობილ არქიტექტორს ჯონ ფოტიადისს ეკუთვნის. 47-სართულიან შენობაში 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინები უნდა განთავსდეს, რომლებსაც ხედი შავი ზღვის სანაპიროსკენ ექნება. მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღად 2013 წლის ბოლო სახელდებოდა, თუმცა, პროექტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. პროექტის ღირებულება 250 მილიონი დოლარია. მის პრეზენტაციას 2012 წლის აპრილში ბათუმში თავად დონალდ ტრამპი და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ. "ტრამპ თაუერი“ ბათუმის შემდეგ, თბილისშიც უნდა აშენებულიყო.

























