"სილქ როუდ ჯგუფმა" თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დაასრულა და ქართულ ემიტენტებს შორის ყველაზე დაბალ სპრედს მიაღწია. 5-წლიანი ობლიგაციების წლიური განაკვეთი 7.50% შეადგენს.
J.P. Morgan-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სასესხო კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელი სტეფან ვილერი ამბობს, რომ ჯგუფმა დიდი დრო დაუთმო ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სიტუაციაზე. მისი თქმით, იმ ფონზე, რომ სახელმწიფო ობლიგაციების ემისიის მიმართულებით აქტიური არაა, კომპანია ქვეყნის წარმოდგენის როლსაც ასრულებს.
მან ასევე იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც დაბალი სპრედი განაპირობა.
"მიზეზი, ვფიქრობ, ალბათ ორია. ერთ-ერთი ის არის, რომ ბაზრის პირობები უკიდურესად მდგრადი და კონსტრუქციული იყო და ეს აისახება ემისიების დიდ რაოდენობაში, ასევე ემიტენტებისთვის გლობალურად უფრო ხელსაყრელი პირობებით ემისიებში. კონკრეტულად "სილქ როუდ ჯგუფის" შემთხვევაში, ეს იყო ინვესტორების ნდობისა და მათი საკრედიტო ისტორიისადმი რწმენის მოპოვების მოგზაურობა. ეს ყველაფერი 2019 წელს Silknet-ის პირველი ობლიგაციით დაიწყო, შემდეგ 2022 წელს რეფინანსირებით და ახლა, მოგეხსენებათ "სილქ როუდ ჯგუფმა" პირველი ობლიგაცია გამოუშვა. ამგვარად, ინვესტორებმა დიდი ნდობა მოიპოვეს "სილქ როუდ ჯგუფის" საკრედიტო ისტორიის მიმართ და მენეჯმენტმა შეასრულა ის, რაც ინვესტორებს დაჰპირდა ოპერაციული მაჩვენებლების თვალსაზრისით.
ბოლოს საქართველოს მთავრობა ბაზარზე 2021 წელს გამოვიდა, ხუთწლიანი ობლიგაციის გამოშვებით. ამის შემდეგ საქართველოდან სახელმწიფო ობლიგაცია არ გამოშვებულა. ასე რომ, ისეთი კომპანიები, როგორიცაა "სილქ როუდ ჯგუფი", უფრო დიდ როლს იკავებენ ქვეყნის წარმოდგენაში. როდესაც ინვესტორები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ინვესტირებაზე ფიქრობენ, მათ ასევე უნდა გაიგონ პოლიტიკა და მაკროეკონომიკა, რადგან ეს ასევე წარმოადგენს რისკებსა და შესაძლებლობებს. ასე რომ, „სილქ როუდ ჯგუფმა“ საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული ზოგადი სურათის, პოლიტიკური მოვლენების, ეკონომიკის, საპროცენტო განაკვეთების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და ახსნას, რათა ინვესტორებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ და საბოლოოდ დაინტერესებულიყვნენ ინვესტირებით", - აღნიშნა მან.




























