კომპანია „სილქნეტმა“ $200 მლნ 5-წლიანი არაუზრუნველყოფილი ევროობლიგაციების გამოშვება განახორციელა.
როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, ფასიანი ქაღალდების კუპონმა შეადგინა 11% და ობლიგაციები განთავსდა 100%-იანი ღირებულებით.
ევროობლიგაციები შეიძინეს ინვესტორებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფასიანი ქაღალდები, სავარაუდოდ, მუდისის (Moody’s) B1 და ფიჩის (Fitch) B+ რეიტინგით შეფასდება.
ევროობლიგაციები სავაჭროდ დაიშვება Euronext Dublin-ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე. ემისიის თანამმართველები არიან: J.P. Morgan, UBS და თიბისი კაპიტალი, Dentons UK and Middle და Dentons Georgia არიან სილქნეტის იურიდიული მრჩევლები, ხოლო Latham & Watkins და BGI Legal წარმოდგენენ თანამმართველების იურიდიულ მრჩევლებს.
„დღევანდელი წარმატება კარგად ასახავს „სილქნეტის“ არსებულ შესაძლებლობებს და პოტენციალს. ის ერთდერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც სრულყოფილი საკომუნიკაციო შეთავაზებების მიწოდება შეუძლია მომხმარებლებისა და ბიზნესისათვის. ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში „სილქნეტის“ მიერ შეტანილი წვლილი „სილქ როუდ ჯგუფის“ დიდი მიზნის შემადგენელი ნაწილია. ეს მიზანი ემსახურება საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი როლის მქონე ქვეყნის კიდევ უფრო ხაზგასმით წარმოჩენას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს „სილქ როუდის ჯგუფის“ დამფუძნებელი და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი.
„სილქნეტისთვის“ დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბონდების გამოშვება იმ წარმატებული ნაბიჯების ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც კომპანია თანმიმდევრულად ახორციელებდა ბოლო წლების მანძილზე. განსაკუთრებით საამაყო კი ის ფაქტია რომ, ჩვენი ბონდების განთავსება არამარტო ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიის, არამედ მთელი ქვეყნის მიღწევაა. დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, „სილქნეტს“ ეძლევა ტექნოლოგიური განვითრების უფრო მეტი შესაძლებლობა, რაც, საბოლოო ჯამში, გულისხმობს მომხმარებლისთვის მეტ საინტერესო და ინოვაციურ სერვისებსა თუ შეთავაზებებს“, - აღნიშნა „სილქნეტის“ გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა.

























