მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სილქნეტის" "პასუხი" კომისიას - კომპანია ფიქსირებული ბაზრის ალტერნატიულ კვლევას ჩაატარებს

5c4cc38fe1c8a
თელარა გელანტია
27.01.19 00:30
2240
კომპანია „სილქნეტი“, უცხოელი ექსპერტების საშუალებით, ფიქსირებული ბაზრის დამოუკიდებელ კვლევას ჩაატარებს.

ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია ახალი პროდუქტების ბაზარზე გამოტანას დროებით აჩერებს.
„საზოგადოებას გვინდა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ კომპანია „სილქნეტის“ მთავარი პრიორიტეტია, აბონენტთა ინტერესების გათვალისწინებით მაქსიმალურად კომფორტული მომსახურების და პაკეტების შეთავაზება.

ორი კომპანიის შერწყმის შემდეგ, გაჩნდა კონვერგენტული (გაერთიანებული) პროდუქტების შეთავაზების აუცილებლობა. სილქნეტის თანამშრომლების მრავალთვიანი დაძაბული შრომის შედეგად, გამოვიტანეთ ახალი გაერთიანებული პაკეტები, რაც საზოგადოებას 2019 წლის 16 იანვარს შევატყობინეთ.

ამის შემდეგ, მოხდა მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარის მიერ განცხადების გაკეთება, სადაც დაფიქსირდა ჩვენ ახალ პროდუქტებზე განსხვავებული მოსაზრება და მისი მხრიდან ეს ფასების გაძვირებად იქნა შეფასებული, ასევე მან დააფიქსირა კვლევის ჩატარების აუცილებლობა.

მარეგულირებელ კომისიასთან და პირადად მის თავჯდომარესთან „სილქნეტის“ მენეჯმენტის ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, კომპანია მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ 1) დაველოდოთ მათ მიერ დაანონსებულ კვლევის შედეგებს 2) კომპანიამ დამოუკიდებლად ჩაატაროს კვლევა უცხოელი ექსპერტების საშუალებით.

იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევები გონივრულ ვადებში ჩატარდება და მოგვცემს სწორი სურათის დანახვის საშუალებას. აქვე, გვინდა ჩვენთვის პრინციპულად მიშვნელოვანი საკითხი დავაფიქსიროთ, რომ ახალ პაკეტებში მოხდა ინტერნეტის ერთეულის ფასის გაიაფება და არა - გაძვირება.

„სილქნეტი“ იმედს იტოვებს, რომ კვლევები გონივრულ ვადებში დასრულდება და მათ დასრულებამდე ვაკეთებთ განცხადებას ახალი პროდუქტების ბაზარზე გამოტანის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით, უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს.

„ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდინოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე ზედა ზღვრული ტარიფები დავადგინოთ. ამაზე დავალება უკვე გავეცი. რაც შეეხება იმ კითხვას, თუ მანამდე მაინც გააძვირებენ ტარიფს კომპანიები იმ თარიღებში რაც თქვეს, გარწმუნებთ, ჩვენ აუცილებლად კანონზომიერების ფარგლებში დავაბრუნებთ მათ. ჩვენ გვაქვს ბერკეტი კანონით მონიჭებული უფლება და შეგვიძლია საცალო ტარიფის რეგულირება, შესაბამისად, თუ არ გაითვალისწინებენ კომუნიკაციების კომისიის შეთავაზებას, ჩვენ აუცილებლად შევალთ საცალო ბაზარზე და დავარეგულირებთ მას“,- განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები