სილქნეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2 ლარით გაზარდოს სატელევიზიო მომსახურების ღირებულება. ტარიფის ზრდა ასევე შეეხება გლობალ ტვ-ის მომხმარებლებსაც.
კომპანიის გადაწყვეტილება 6 ქართული არხის Media Rights Georgia-ში გაერთიანებას უკავშირდება, რომლებმაც რეტრანსლირებისთვის ოპერატორების თანხა მოსთხოვეს.
ეს ტელეარხებია: რუსთავი 2, კომედი არხი, მარაო, იმედი, მაესტრო, GDS.
ოპერატორები 6 ტელეარხის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ, - გასულ წელს აღნიშნული არხები საკაბელო ოპერატორებმა პროტესტის ნიშნად გათიშეს კიდეც.
„კომპანია სილქნეტმა, განსხვავებით სხვა ოპერატორებისგან, შეძლო ერთი წლით შეენარჩუნებინა აღნიშნული არხების ჩვენება ფასის უცვლელად. თუმცა, ამ 6 ქართული არხის მოთხოვნით გადასახადის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა, რის შედეგადაც კომპანია იძულებულია სილქტვ-ის აბონენტებს, 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2 ლარით გაუზარდოს სატელევიზიო მომსახურების ღირებულება. ტარიფის ზრდა ასევე შეეხება გლობალ ტვ-ის მომხმარებლებსაც.“, - განმარტავენ სილქნეტში.
ტარიფი გასულ წელს გაზარდა მაგთიმაც. ასევე რეტრანსლირების საფასურის დაწესების მიუხედავად, კომპანიის გადაწყვეტილებით იმ მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ განახლებული „ორმაგი შეთავაზების“ პაკეტებით, შეუნარჩუნდებათ ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი უცვლელი ტარიფებით.

























