მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიმინდის ფუჩეჩში შეფუთული კანფეტები - „სკიჯი“ ახალი პროდუქტების წარმოებას იწყებს

6352a0edc5f6b
მარიამ დემეტრაშვილი
22.10.22 17:32
1099
ნატურალური ქართული ჩირის ბრენდი „სკიჯი“ მომხმარებლებს მალე ახალ პროდუქტს - გატარებული ჩირის კანფეტებს შესთავაზებს. როგორც მისმა დამფუძნებელმა გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა, USAID-ის დაფინანსებით, სტარტაპის გაფართოება, ახალ სივრცეში გადასვლა და წარმოების გაზრდა შეძლო.

დაკა ბერძენიშვილის თქმით, მომხმარებლები „სკიჯის“ ახალი კანფეტების დაგემოვნებას მომავალი წლიდან შეძლებენ.

„საქმიანობა დავიწყე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით. პირველი პროდუქცია 2016 წელს, საახალწლო პერიოდში გამოვუშვით. ვაწარმოებთ იმ ხილის ჩირს, რომელიც გურიაში მოდის. ეს არის: მანდარინი, კივი, ფეიხოა, ვაშლი, მსხალი, ვანის ნესვი. 2020 წელს USAID-მა დაგვაფინანსა, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამაში მოვხვდით. იდეა მქონდა, რომ ეს ჩემი საოჯახო ბიზნესი გადასულიყო გურულ ოდაში და დაგვეცვა საერთაშორისო სტანდარტი. დაფინანსების წყალობით, ამ იდეის განხორციელება შევძელი. უკვე HACCP-ის სტანდარტის დანერგვაზე ვმუშაობთ.

USAID -ის დაფინანსების წყალობით, ჩვენს პროდუქციას შეემატება ჩირის კანფეტები. ეს იქნება გატარებული ჩირი, რომლისგანაც დამზადდება ოთხი ტიპის კანფეტი. პირველი - ეს არის საბავშვო, რომელიც შოკოლადში იქნება ამოვლებული და ხალისიან ფერებში შეიფუთება; მეორე - მაღალკალორიული, თავისი თხილეულით; მესამე - დაბალკალორიული, ფიტნეს მიმართულებისთვის და მეოთხე - დიაბეტური, რომელიც სტევეას საშუალებით დატკბება. ამ ახალმა დანადგარებმა საშუალება მომცა, ჩირები ისე გაშრეს, რომ წარმოებაში შაქარი საერთოდ არ ვიხმარო“, - განაცხადა დამფუძნებელმა.

დაკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ საქმიანობის დაწყების პირველ ეტაპზე მეზობლები ეხმარებოდნენ, ახლა ეს ადამიანები უკვე საწარმოს თანამშრომლები არიან და ჩირეულს ევროპული მანქანა-დანადგარებით ამზადებენ.

ბრენდს კიდევ ერთი სიახლე კორპორატიული შეკვეთების მიმართულებით ექნება.

„კორპორატიული შეკვეთებისთვის დავამზადებთ ახალ პროდუქტს - ეს არის სიმინდის ფუჩეჩში შეფუთული კანფეტი, რომელიც შედგება ლურჯი მოცვის, კივის და ციტრუსის ნარევისგან“, - აღნიშნა დამფუძნებელმა.

რაც შეეხება ბიზნესში ჩადებულ ინვესტიციას, დამფუძნებელი ამბობს, რომ საჭირო თანხის 40% დონორმა ორგანიზაციამ დაუფინანსა, ხოლო 60%-ის დაფარვა თავად მოუწია.

„ჩემ მიერ გადასახდელ 60 პროცენტში მომეხმარა სოფლის განვითარების სააგენტო, იაფი კრედიტით, რითაც შევძელი, რომ თანხა გამომეტანა ბანკიდან. ეს თანხა შეადგენს 70 000 დოლარს“, - თქვა დაკა ბერძენიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები