'სინამდვილეში, სუსი გააგრძელებს ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით" - ასე ეხმაურება მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი „ქართული ოცნების“ მთავრობაში დღეს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.
"სინამდვილეში, სუსი გააგრძელებს ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით. სუსის რეალური უფროსიც ისევ გრიგოლ ლილუაშვილია. ვადა გაუვიდა, გადაალაგეს, სუსიც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით.
"ოცნება“ ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის. სუსს მთავარი როლი ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში. ახალი არჩევნებისთვის გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, გაყალბების პრაქტიკები ახალ მწვერვალებს მიაღწევს", - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: „ქართული ოცნება" რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორად ყოფს და პირველ ნაწილს გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს. სუსის უფროსად ანრი ოხანაშვილი გადაჰყავთ, ხოლო იუსტიციის მინისტრად პაატა სალია დაინიშნება.