"სინერჯი კაპიტალის" რეაბილიტაციის გეგმა დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
"დადგინდა, დამტკიცდეს სს „სინერჯი კაპიტალის“ რეაბილიტაციის გეგმა. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/). გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, შეუძლიათ მასზე კერძო საჩივრის შეტანა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის N64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია", - წერია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებაში.
საქმის დეტალები კი შემდეგნაირია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2022 წლის 14 იანვარს განცხადებით მომართა მოვალე სს ,,სინერჯი კაპიტალის“ წარმომადგენელმა, პაპუნა ტოლიაშვილმა, რეაბილიტაციის გზით გადახდისუუნარობის პროცესის დაწყების და მოვალის მართვაში დატოვების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით, ცნობილი იქნა დასაშვებად და სს „სინერჯი კაპიტალის“ მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი. რეაბილიტაციის რეჟიმში მმართველად დატოვებული იქნა მოვალე, სს „სინერჯი კაპიტალი“ (ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი, პაპუნა ტოლიაშვილი). რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი, გიორგი ხუნდაძე, რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74- ე მუხლის საფუძველზე.
2022 წლის 11 აპრილს, რეაბილიტაციის მმართველმა და რეაბილიტაციის ზედამხედველმა ერთობლივი განცხადებით მომართეს სასამართლოს და მოითოხვეს რეაბილიტაციის გეგმის პროექტის წარსადგენის ვადის 1 თვით გაგრძელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით რეაბილიტაციის მმართველისა და რეაბილიტაციის ზედამხედველის განცხადება დაკმაყოფილდა და 1 თვის ვადით გაგრძელდა სს „სინერჯი კაპიტალის“ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის წარსადგენად დადგენილი საპროცესო ვადა.
2022 წლის 27 ოქტომბერს, სს ,,სინერჯი კაპიტალის“ რებილიტაციის მმართველმა სასამართლოს წარმოუდგინა რეაბილიტაციის გეგმის პროექტი და განმარტა, რომ სს „სინერჯი კაპიტალის“ ხმის უფლების მქონე კრედიტორთა უმრავლესობამ, ხმათა საერთო რაოდენობის 65.2%-ით, ჯამში 3 783 918.91 ხმით, მოიწონეს სს ,,სინერჯი კაპიტალის“ რეაბილიტაციის გეგმა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, ხოლო მე-2 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებია: ა) გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა და გადახდისუუნარობის მასის სწორი მართვა; ბ) გადახდისუუნარო მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანამიმდევრული გადაწყვეტა; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა; დ) გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების შეძლებისდაგვარად შენარჩუნება და გაზრდა; ე) გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ვ) მსგავსი უფლებების მქონე კრედიტორების
მიმართ თანაბარი მოპყრობა.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ეს საქმეში არსებული დოკუმენტებით დასტურდება, რეაბილიტაციის გეგმა მოწონებულია კრედიტორთა საერთო ხმების 65.2 %-ის ხმის უფლების მქონე კრედიტორთა მიერ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი რეაბილიტაციის გეგმა უნდა დამტკიცდეს, ვინაიდან იგი შეესაბამება ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს და კრედიტორთა მიერ მისი მოწონებისას ასევე დაცულია კენჭისყრის წესები.
სინერჯი კაპიტალი თითოეულ კრედიტორს მადლობას უხდის, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებული თანამშრომლობისთვის.