სინგაპურის ნაციონალურ ავიახაზებს Singapore Airlines-ს კოვიდზე სრულად ვაქცინირებული ეკიპაჟი ეყოლება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN Travel-ი ავრცელებს.
როგორც Singapore Airlines-მა განაცხადა, ავიაკომპანია იმედოვნებს, რომ ეკიპაჟის ყველა იმ წევრის აცრას შეძლებს, ვისაც უშუალო შეხება აქვს საზოგადოებასთან და მგზავრებთან.
Singapore Airlines-ი მთავრობის დახმარებით Pfizer-ის ვაქცინის დოზებს თანამშრომლებს უსასყიდლოდ გადასცემს ასაცრელად.
”ჩვენ მადლიერი ვართ სინგაპურის მთავრობის, რომ საავიაციო სექტორი პრიორიტეტად მიიჩნია ვაქცინაციის ჩატარების თვალსაზრისით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საავიაციო ინდუსტრია თამაშობს გადამწყვეტ როლს, როგორც სინგაპურის ეკონომიკურ აღორძინებაში, ასევე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში,” - განაცხადა ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გოჰ ჩონ ფონგმა.
ავიაკომპანია Singapore Airlines-ის განცხადებით, 5 200 თანამშრომელი უკვე დარეგისტრირდა კუთვნილი კოვიდ-ვაქცინის დოზის მისაღებად, რომელთა ვაქცინაციაც უახლოეს მომავალში დაიწყება.