საქართველოს უმდიდრესი მოქალაქისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის სარჩელის განხილვაზე სინგაპურის სასამართლომ უარი თქვა.
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ მისი ფულის გაფლანგვის საქმეზე შვეიცარიაში, სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდის კუნძულებზე დავობს.
სინგაპურის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ ვალერი თინმა მიუთითა, რომ საქმის შინაარსიდან გამომდინარე, დავის გაგრძელება რელევანტურია არა სინგაპურის, არამედ შვეიცარიის იურისდიქციაში, რადგანაც მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტები წარმოადგენს მხოლოდ დამოკიდებულ გარემოებებს იმ ძირითადი საქმისა, რომელიც შვეიცარიაში მიმდინარეობს.
Credit Suisse-ის დეპოზიტარებისთვის $140 მილიონის ზარალის მიყენებაში მხილებულმა ყოფილმა პირადმა ბანკირმა პატრიკ ლესკადრონმა საპატიმრო ჟენევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად 2018 წლის ნოემბერში დატოვა.
2018 წელს ლესკადრონს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა დროის მნიშვნელოვანი ნაწილი მას უკვე წინასწარ პატიმრობაში ჰქონდა გატარებული, რადგანაც შვეიცარიელმა სამართალდამცავებმა ის 2016 წელს დააკავეს.
Credit Suisse-ის განცხადებით, ლესკადრონმა აღმოსავლეთ ევროპელი კლიენეტების სახსრები მიითვისა ისე, რომ ამის შესახებ ბანკში არავინ არაფერი იცოდა. თუმცა, ივანიშვილისა და სხვა დაზარალებულის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბანკმაც უნდა აიღოს სისხლის პასუხისმგებლობა ლესკოდრონის თაღლითობისთვის.
ბიძინა ივანიშვილმა საქმეზე ერთადერთი კომენტარი 2016 წლის 14 ივნისს გააკეთა, მაშინ ივანიშვილი ამბობდა, რომ "თუ ყველაფერზე ისაუბრებდა" მას Credit Suisse-ისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლო.
"მე არ ვთვლი, რომ ის ფული მე დავკარგე, ის დაკარგა Credit Suisse-მა, რამეთუ კითხვები იქ ჩემს მიმართ არ არსებობს. აქ ყველაფერი გამჭვირვალეა, რომ ანგარიშიდან ფულია მოპარული ეს ელემენტარულად ბანკმა უნდა გადაფაროს და ბანკმა უნდა გადაიხადოს", - 2016 წელს თქვა ივანიშვილმა.
რა ხდება სინგაპურში?
ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ქონება ათობით სხვადასხვა ოფშორულ კომპანიაზე აქვს გაფორმებული, რომლებიც არაერთ ქვეყანაში არის რეგისტრირებული. საქმის მასალების მიხედვით, ივანიშვილის თანხის მნიშვნელოვანი ნაწილს Credit Suisse-ის ცენტრალური ოფისი სინგაპურის ოფისიდან განკარგავდა, შესაბამისად, სამართალდარღვევათა ნაწილი, რაც უკანონო ტრანზაქციების განხორციელებაში მდგომარეობდა, სინგაპურის იურისდიქციაშიც მოხდა.
საქმის მასალების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse-მა სინგაპურში დააფუძნა ტრასტი სახელწოდებით Mandalay Trust-ი, რომელშიც ივანიშვილმა $550 მილიონი აშშ დოლარის დეპოზიტი განათავსა. 2014 წლის დეკემბერში კომპანიის სახელზე $697.68 მილიონი ირიცხებოდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში კი ტრასტის ანგარიშზე მხოლოდ $437.8 მილიონი იყო დარჩენილი. ივანიშვილი მიუთითებს, რომ ეს თანხა მისი პირადი ბანკირის თაღლითობით დაიკარგა, რაზეც პასუხისმგებლობა Credit Suisse-მა უნდა აიღოს.

























