მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sinovac-ის ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოშია

608ba9fbddca7
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.21 11:01
678
ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით საქართველოს 100 000 დოზა Sinovac-ის ვაქცინა და 100 800 ცალი შპრიცი გადმოეცა. ინფორმაციას ამის შესახებ ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფეისბუქ გვერდის საშუალებით ავრცელებს.

„ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი ვაქცინა , რომლის ტრანსპორტირებაც საქართველოსთვის უნგრულმა მხარემ განახორციელა, თბილისში ჩამოვიდა”, - წერია ინფორმაციაში.

ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ლი იენი დახვდნენ. უნგრელ კოლეგას სამედიცინო ტვირთის საქართველოში ტრანსპორტირებისათვის მადლობა საქართველოს ვიცე-პრემიერიმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გადაუხადა.

„ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული Sinovac-ის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში და ის 22 ქვეყანაშია აღიარებული. ჩინური ვაქცინა ისეთ ქვეყნებში გამოიყენება, როგორიცაა უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი და სხვ.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა”, - განმარტავენ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს. ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში 93 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები