სიონში მდებარე ტურისტულ ობიექტ „კინთაში“ ერთ-ერთი კოტეჯის გაყიდვა იგეგმება, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ობიექტის დამფუძნებელმა ნიკო წივილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „კინთა“, რომელიც სამ კოტეჯს აერთიანებს, სიონში 2020 წლიდან ოპერირებს, თუმცა ბოლო წლებში შემცირებული მოთხოვნისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ბიზნესის მასშტაბის შემცირებას განიხილავს.
"სამი ობიექტი მაქვს ადგილზე და ერთ-ერთის გაყიდვა იგეგმება, რადგან დატვირთვა აღარ არის ისეთი, როგორსაც ველოდებოდი. თავიდან გაფართოებაზე ვფიქრობდი და ხუთ ობიექტამდეც მივედი, ახლა კი პირიქით - შემცირებას და სხვა საქმიანობაზე გადართვას განვიხილავ", - აღნიშნა მან.
წივილაშვილის თქმით, ობიექტის მიმართ ინტერესიც არსებობს, თუმცა გაყიდვის პროცესს ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურული პრობლემები აფერხებს, განსაკუთრებით კი გზის მდგომარეობა. მისივე განცხადებით, ტურისტებისთვის სიონამდე მისვლა რთულია და ხშირ შემთხვევაში თავად უწევს სტუმრების გზის ცენტრალური ნაწილიდან გადაყვანა. ამასთან, მისი შეფასებით, წლების განმავლობაში კურორტზე ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ გაუმჯობესებულა.
"არც აფთიაქი არის, არც სამედიცინო პუნქტი, არც მაშველი. ვერ ახერხებ ტელეფონზე თანხის ჩარიცხვას, ბანკომატიდან ფულის გამოტანას - ელემენტარული პირობები არ არსებობს. ამიტომ ფიზიკურად შეუძლებელია გრძელვადიანად დარჩენა", - ამბობს ის.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სიონი ადგილობრივებისთვის პოპულარულ დასასვენებელ ადგილად რჩება, არსებული პირობები როგორც ბიზნესს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნის, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე.
წივილაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ობიექტი სრულად გაყიდოს: „ძალიან არ მინდა, მაგრამ იმ მიმართულებით მივდივარ, რომ შესაძლოა მთლიანად გავყიდო“, - განაცხადა მან.
SS.GE-ზე განთავსებული განცხადების მიხედვით, სიონის ტბის სანაპიროზე ახალი აშენებული კოტეჯი 43 000 დოლარად იყიდება. ობიექტის საერთო ფართობი 54 კვ.მ-ს შეადგენს, აქვს 39 კვ.მ საცხოვრებელი სივრცე და 15 კვ.მ ვერანდა, ხოლო მიწის ნაკვეთი - 350 კვ.მ.-ია.




























