სისხლის გადასხმის დაწესებულებებს/სისხლის ბანკებს რეგისტრაციის ვადის 1-ელ დეკემბრამდე გახანგრძლივებას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
საქმე ის არის, რომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში უკვე შეტანილი ცვლილების და მასში არსებული გარდამავალი დებულების მიხედვით, სისხლის ბანკებს მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე ჰქონდათ ვადა, რომ არაკომერციული იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დარეგისტრირებულიყვნენ.
როგორც ინიციირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, დღეს ქვეყანაში მოქმედებს შესაბამისი ლიცენზიის მქონე 24 დაწესებულება, რომელთაგან არასამეწარმეო[არაკომერციული] იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებს მხოლოდ სამი, ხოლო სამ მათგანთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის განახლების მოთხოვნით.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტზე იმსჯელა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, კანონის მოქმედი რედაქციის გარდამავალი დებულების მიხედვით, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად ფუნქციონირებს, ვალდებულია 2024 წლის 1 ივლისამდე დარეგისტრირდეს კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. ცვლილების თანახმად კი, აღნიშნული ვადის გადაწევა 2024 წლის 1 დეკემბრამდე ხდება.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში შესაბამისი ლიცენზიის მქონე 24 დაწესებულება მოქმედებს, რომელთაგან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით მხოლოდ სამი ფუნქციონირებს, ხოლო სამ მათგანთან დაკავშირებით ლიცენზიის განახლების მოთხოვნით ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.