მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სისტემა უარესსაც იმსახურებს“ – იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე

643990679a663
ელენე კვანჭილაშვილი
14.04.23 22:34
644
აშშ-მა 5 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“– ში 2012–2018 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძესთან საუბარი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის ამ გადაწყვეტილების შეფასებასაც შეეხო.

- დაიმსახურა სისტემამ ეს ზომა?

- აბსოლუტურად. რასაკვირველია, დაიმსახურა. სისტემა უარესსაც იმსახურებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უარესიც დადგება. ბოლოს და ბოლოს, ეს არის პირველი ნაბიჯი მხოლოდ 4 მოსამართლის მიმართ. იქ სხვებიც არიან, რომლებიც თავს იჩენენ რომ არიქა, ჩვენც დაგვასანქცირეთ, ჩვენც დაგვასანქცირეთ, ამათი ხალხი ვართო – და ესეც მოხდება, მაგრამ გაგრძელება მარტო ამ მიმართულებით არ იქნება. გაგრძელება იქნება ინტენსიურიც – არა მხოლოდ ექსტენსიური ანუ სხვებზეც გავრცელდება, არამედ ინტენსიურიც ანუ უფრო გაღრმავდება. მოგეხსენებათ, რომ აქ მთავარი ის კი არ არის, რომ შეერთებული შტატები ამ ხალხს და მათი ოჯახის წევრებს აღარ მიიღებს თავის ქვეყანაში – მთავარი ის არის, რომ შეერთებულმა შტატებმა თავის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირით თქვა, რომ ესენი კორუმპირებული მოსამართლეები არიან. ესენი არიან მოსამართლეები, რომლებიც ჩაბმულნი არიან მასშტაბურ კორუფციაში და ამიტომაც არ გვინდა, რომ ჩვენ ისინი ვიხილოთ შეერთებულ შტატებში – მთავარი ეს არის: მათი კორუმპირებულობა.

- ახლა მთავრობა ითხოვს ამის დამადასტურებელ ფაქტებს ... 

- კორუფციასთან ბრძოლა სახელმწიფოს ვალდებულებაა. და არა მარტო ქვეყნის შიდა კანონმდებლობიდან გამომდინარე, არამედ, საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარეც – რატომ, იმიტომ რომ საქართველო არის ხელმომწერი არაერთი გლობალური და რეგიონალური ევროპული კონვენციისა რომელიც მას ავალდებულებს კორუფციის პრევენციას და შესაბამისი ფაქტების გამოძიებას და ასევე – დამნაშავე პირთა მართლმსაჯულებისთვის წარდგენას. ეს კონვენციები რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც არის გაეროს კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ – ეს არის მრავალმხრივი ხელშეკრულება – საერთაშორისო ხელშეკრულება – რომლის მხარე სახელმწიფოებმა ეს ვალდებულება კორუფციასთან ბრძოლის – იკისრეს ერთმანეთის პირისპირ – შესაბამისად, სხვა მხარე სახელმწიფოებს, მათ შორის, შეერთებულ შტატებს ამ კონვენციებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა, აქვთ უფლებამოსილება და შესაბამისი სტრუქტურებიც არსებობს, რომ პერიოდულად შეამოწმონ როგორ ასრულებს საქართველო თავის ვალდებულებებს კორუფციასთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში ამ ოთხი კორუმპირებული მოსამართლის მიმართ გამოძიების წარმოების და შესაბამისი სამართლებრივი ზომების კუთხით. მტკიცებულებები წარმოგვიდგინეთო – რას ნიშნავს მტკიცებულებები – ეს ელჩმაც თქვა, რომ მტკიცებულებები თქვენ თვითონ მოიპოვეთ თუ გნებავთ, აწარმოეთ გამოძიება და შესაბამისად მიიღეთ წარადგინეთ ეს ხალხი მართლმსაჯულების წინაშე ..

- არღვევთ ახლა პრემიერმინისტრის მოწოდებას – როდესაც მან თქვა რომ მე პირადად მოგიწოდებთ, პატივისცემით მოეპყრათ მოსამართლეებსო ..

- ეს არის ცარიელი სიტყვები, რომლებიც არაფერს არ ნიშნავს. რამდენიც უნდა იმდენი ცარიელი სიტყვები აბრეხვოს. აქ მთავარი არის ის, რომ მისი ვალდებულებაა მთავრობის და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების რომ დაიწყონ გამოძიება ჩაატარონ ეფექტური სრული და ობიექტური გამოძიება და დაადგინონ ფაქტები რომელთა საფუძველზეც შემდეგ – ექნებათ ეს ხალხი წარდგენილი მართლმსაჯულების წინაშე. ეს ყველაფერი ოღონდ არ ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს მტკიცებულებები. როგორ არ აქვს ეს მტკიცებულებები – მათ თქვეს, რომ ჩვენ მოპოვებული გვაქვს მტკიცებულებები – მათ შორის, ღია წყაროებიდან და ეს ღია წყაროები ჩვენთვის ცნობილია. ჩვენთვის ქართული საზოგადოებისთვის. თქვენთვის, ჩემთვის. ეხლა ხომ არ გახდა ცნობილი ამ გვარების შესახებ – ჩვენ ამ გვარების შესახებ – მურუსიძეების, ჩინჩალაძეების, შენგელიების, ცერცვაძეების და სხვების შესახებ – რამდენი ხანია ვიცით – რა ტიპის კორუფციულ გარიგებებში არიან ქვეყნის ხელისუფლებასთან და ისედაც, სხვა კუთხითაც – ესეც ვიცით. არ გავა დამოუკიდებელ სატელევიზიო არხებზე არცერთი კვირა, რომ არ ამხილონ ეს ადამიანები და მათი დაუსაბუთებელი შემოსავლები – ხომ ვიცით, რომ ეს ხალხი ფლობს ისეთ სასახლეებს, ფუფუნების ისეთ საგნებს, ძვირადღირებული ავტომობილებს, აუზებს და ა.შ. მათი ქონება – შეუსაბამოდ უფრო ძვირადღირებულია ვიდრე ის შემოსავლები, რომელის წესით მათ ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. ეს ხომ ღია წყაროებია. დავგუგლოთ და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით ჩვენ – ამის თაობაზე ტელევიზიითაც გვსმენია, პრესითაც, ინტერნეტითაც და რითაც გნებავთ. რატომ არ იწყებს მთავრობა გამოძიებას?

- ამ ფონზე როგორ ისმინება ადგილობრივი ყურითაც და საერთაშორისო ყურითაც, როცა პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ჩვენი სასამართლო ევროკავშირში საუკეთესოა?

- ეს არის ტყუილი. ეს არის იმის მცდელობა რომ მოსამართლეთა კორუფციული საქმეების ეფექტურად გამოძიების ნაცვლად, მთავრობა კორუმპირებულ მოსამართლეებს ხელი დააფაროს. რა ზღაპრებს ყვება? ვისთვის არის ეს? გააჩერეთ ქუჩაში ნებისმიერი ადამიანი – მურუსიძე – ჩინჩალაძის სასამართლოსი არავის სჯერა. ამას ამბობს ყველა და არაერთი წელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები