მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სისტემიდან გავა ყველა, ვისაც წასასვლელი ექნება“ - სტატუსის მქონე პედაგოგებს ხელფასი გაზრდის ნაცვლად, შეუმცირდათ

სკოლა

1 ივლისიდან, 52 000-ზე მეტი პედაგოგისთვის საქართველოში ახალი ანაზღაურების სქემა ამოქმედდა, რომელიც საშუალოდ 500 ლარით გაზრდილ ხელფასს მოიაზრებს. თუმცა, როგორც გაირკვა ანაზღაურება არა ცოდნის, არამედ, საათების მიხედვით მოხდა. შედეგად, იმ წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსის დანამატს იღებდნენ და ამისთვის წლობით მუშაობდნენ, ხელფასი გაზრდის ნაცვლად, შეუმცირდათ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებულმა, მასწავლებელმა როლანდ შავაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ უწყების დამოკიდებულება სისტემიდან კვალიფიციური კადრების გასვლას შეუწყობს ხელს, რაც სწავლის ხარისხს კიდევ უფრო გააუარესებს.

„გასულ წელს სამინისტრომ უპრეცედენტო ზრდა დააანონსა, რომელიც 500-იდან 900 ლარამდე გაზრდილ ანაზღაურებას გულისხმობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბევრ მასწავლებელს ხელფასი პირიქით შეუმცირდათ, გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებელთა ხელფასები იყო ბმაში მათ სტატუსებთან. ის დანამატები, რომლებიც სხვადასხვა სტატუსის მიხედვით მასწავლებლებს ეძლეოდათ, გადანაწილდა ჩვეულებრივ საათებზე, რაც უფრო მეტი საათი გაქვს, ხელფასი მეტია და ის სტატუსები რაც აქამდე იყო, რეალურად არაფერს ნიშნავს. ამან მასწავლებელთა თვითშეფასების ნაწილზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია, იმიტომ, რომ ეს სტატუსები, რომელიც ძალიან დიდი შრომის ფასად ჰქონდათ მოპოვებული, სისტემამ ჩათვალა რომ აღარაფერს ნიშნავს და ასევე ის შემოსავალი, რაც ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირებული, მათთვის აღმოჩნდა სრული სიცრუე.

სტატუსებს შორის სხვაობა იყო 300-იდან 400 ლარამდე. მენტორი მასწავლებლის დანამატი საბაზისო ხელფასს დამატებული 1 475 ლარი იყო. ახლა სტატუსის დანამატი აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ 300 ლარი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ შენ გაქვს კვირაში 18 სთ. თუ წინა ფორმულით ხელფასზე გქონდა 15სთ-ის დატვირთვით, დღეს იგივე ხელფასი რომ აიღო, უნდა ჩაატარო კვირაში 25 სთ, რაც ბუნებრივია მასწავლებელს წაართმევს იმ თავისუფალ დროს, რაც სჭირდება განვითარებისთვის. ახალი ხელფასით ზრდა რომ იგრძნო, ორიენტირებული უნდა იყო ბევრ საათებზე, გამოცდილება აღარაფერს წარმოადგენს. რამდენიმე ათასეულ ასეთ პედაგოგზეა საუბარი. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაწყებით საფეხურზე მასწავლებლებს არაუმეტეს 13 სთ აქვთ საგნობრივი დატვირთვა.

სამინისტრო რაღაც კომუნიკაციაზე გამოდის მასწავლებლებთან, თუმცა იმ კატეგორიასთან, რომლებიც უბრალოდ ხმას არ იღებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა ამას და წინ არჩევნებია, არ გამოვრიცხავ რომ ცვლილებები შეიტანონ. პეტიციაზე მიდის ხელმოწერების შეგროვება. ყველაზე მთავარი რასაც ეს გამოიწვევს არის ის, რომ ასეთი სისტემის დაშვებით მივიღებთ იმ რეალობას რაც 90-იან წლებში გვქონდა, სისტემიდან გავა ყველა ის მასწავლებელი ვისაც წასასვლელი ექნება და შემორჩება მხოლოდ ის ვისაც ეს არ აქვს,“ - განაცხადა შავაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები