„მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა არსებულ კორუფციაზე“ – ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკა ალავიძემ გააკეთა. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესები ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს, რაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ქვეყნისადმი კეთილსინდისიერი ინვესტორების დაინტერესებას და ჯამში ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს.
„სისტემური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითია საქართველო - ქვეყანა, რომელიც მომავალში შესაძლოა გახდეს "ქეისი" ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსთვის. ჩვენს ქვეყანაში სისტემური კორუფცია ნიშნავს იმას, რომ მმართველი გუნდის შიგნიდან და საპარლამენტო კონფლიქტებიდან გამომდინარე, კორუფციული პროცესები რეალიზებულია ყველა დონეზე - ცენტრალური ხელისუფლებიდან დაწყებული, ადგილობრივ თვითმმართველობებამდე. სამწუხაროდ, ეს არის უტყუარი ფაქტი.
აუცილებელია, რომ ამ მმართველმა გუნდმა, რომელიც თავიდან ბოლომდეა გაჟღენთილი კორუფციით, აიღოს პასუხისმგებლობა. სხვა შემთხვევაში, მათ არ აქვთ მორალური უფლება, გაატარონ “დრაკონული კანონები” და ამ კანონების აღსრულებით სცადონ სისტემის გამართვა.
ეს ყველაფერი უკვე ახდენს ნეგატიურ გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. წლის დასაწყისში ყველა წამყვანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააუარესა ჩვენი ეკონომიკური რეიტინგები - პროგნოზები შეიცვალა პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც კი წარმოადგინა ერთგვერდიანი საგზაო რუკა, სადაც ხაზგასმით იყო მითითებული შესაძლო კორუფციულ რისკებზე. დღეს უკვე ვხედავთ, რომ არაფერი დაფარული არ დარჩება, ყველა პრობლემა გაცხადდა.
თუ მე ვარ საერთაშორისო ინვესტორი და მინდა ახალი ბაზრის მოძიება, პირველ რიგში ვაფასებ გარემოს - რამდენად ჯანსაღია ის, რამდენად გამჭვირვალეა მმართველობა და რამდენად რეალურად სრულდება კანონები.
თუ ეს პირობები არ არის დაკმაყოფილებული, იქ ჩნდება სხვა ტიპის ინვესტორი - არაკეთილსინდისიერი, არაჯანსაღი, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესებსა და სანქციების პრინციპებს. ასეთ გარემოში ქვეყანა აღარ ხდება მიმზიდველი რეალური ინვესტიციებისთვის“ - განაცხადა ალავიძემ.




























