2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რაც უფრო ნაკლები დრო რჩება მერობის კანდიდატები უფრო აქტიურად საუბრობენ დედაქალაქში უკვე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. ამ შემთხვევაში საქმის კურსმა მათ „სითი პარკთან“ დაკავშირებული კითხვა დაუსვა.
ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს რომ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება სამართლებრივად იქნება განხილული და სულ მალე თბილისში ახალი საპარკინგე ადგილები გაჩნდება.
“მერიას აქვს კვლევა 10 საპარკინგე ადგილზე, რომელიც უკვე გამოყოფილი და მონიშნულია, არჩევნები შემდეგ კი აუცილებლად განვახორციელებთ ამ პროექტს. რაც შეეხება კომპანიას - სამართლებრივად იქნება ეს ხელშეკრულება განხილული”-აცხადებს კალაძე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი თბილისში „სითი პარკის“ ნაცვლად ახალი კომპანიის შემოყვანაზე საუბრობს. მისი თქმით, სრულიად გაუზრებელია აღნიშნული კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძლება.
“სითი პარკი ამ ქალაქიდან უნდა წავიდეს, ეს არის ჩემი პოზიცია. თბილისში უნდა შემოვიყვანოთ ისეთი კომპანია რომელიც აიღებს ვალდებულებას რომ რაც შეიძლება მეტი საპარკინგე ადგილი გაჩნდეს დედაქალაქში. მე ვგულისხმობ არა მხოლოდ დახაზულ ადგილებს არამედ შენობებსაც როგორც მიწის ზედა ისე მიწის ქვეშა საპარკინგე ადგილებს”, - განმარტავს უდუმაშვილი.
რაც შეეხება ევროპული საქართველოს კანდოდატს ელენე ხოშტარიას მისი პოზიცია გულისხმობს პარკინგზე საათობრივი გადასახადის შემოღებას.
“რა თქმა უნდა ეს ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს და გადაიხედოს, მაგრამ ხედვის არარსებობა არის პრობლემა და არა სითი პარკი. დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, რომ 40000 საპარკინგე ადგილი გვაქვს და მანქანები არის დაახლოებით 400-500 ათასამდე. ჩვენ უნდა გადავიდეთ ევროპულ საათობრივ საპარკინგე სისტემაზე, რომელიც გაძლევს საშუალებას მოქნილად, საათების გადატვირთულობის მიხედვით ვარეგულიროთ ფასით მანქანების ნაკადები”, - ამბობს ხოშტარია.
დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ სითი პარკი „ქალაქიდან უნდა წავიდეს“. ელისაშვილის თქმით, მისი მერად მოსვლის შემთხვევაში გამოცხადდება ტენდერი სადაც ახალი კომპანია იქნება შერჩეული.
“პირველი გადაწყვეტილება რასაც მე მოვაწერ ხელს იქნება სითი პარკის გაშვება ამ ქალაქიდან და ახალი ტენდერიც გამოცხადდება ახალი პირობებით. ჩემთვის სასურველია რომ ევროპული კომპანიები შემოვიდნენ, რომელთაც აქვთ უფრო დიდი სოციალური პასუხისმგებლობა და მათთან ურთიერთობა უფრო ღია და გამჭვირვალეა”, - აცხადებს ელისაშვილი.

























