საავტომობილო ბაზარზე ფასები ხელოვნურად შექმნილი და გაბერილი იყო,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტთან“ კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი გიორგი შარაშიძე აცხადებს.
მისი თქმით, რეალურად შესაძლებელია, სახელმწიფომ ავტომობილები 20%-ით ნაკლებ ფასად შეიძინოს და ამის მაგალითია თავად „სიტროენის“ მიერ მოგებული ტენდერი, სადაც კომპანიამ მანქანა შემსყიდველს თავდაპირველი ფასისგან განსხვავებული, 20%-იანი კლებით მიაწოდა.
შარაშიძის ინფორმაციით, კომპანია ამ ტაქტიკით მოქმედებას განაგრძობს და ბაზარიც ნელ-ნელა ახალ ფასებზე გადაეწყობა.
„სახელმწიფოს დაახლოებით 30 მილიონი აქვს განსაზვრული სახელმწიფო შესყიდვებისთვის, თუ ყველა ასეთი ტენდერი 20%-იანი ფასდაკლებით განხორციელდება, ხელისუფლებისთვის მნიშნველოვანი შეღავათი იქნება.
რეალურად 20%-ით დაბალი ფასების წარმოდგენა ჩვენს კონკურენტებსაც შეუძლიათ, უბრალოდ, ამას აქამდე არ აკეთებდნენ, რადგანაც ერთმანეთში შეთანხმებულად მოქმედებდნენ. იმედი მაქვს, ისინი თამაშის ახალ წესებზე გადმოვლენ, რომელიც უფრო ჯანსაღი და ჯანმრთელია“,- აცხადებს გიორგი შარაშიძე.
მისი თქმით, „სიტროენმა“ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში ამ დრომდე 7 ტენდერის შედეგი გაასაჩივრა და 6 მათგანში კომპანიის საჩივარი დაკმაყოფილდა.
„ჩვენ სისტემის წინააღმდეგ ვილაშქრებთ და არა კონკრეტული კომპანიების წიააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა, რომ სხვა კომპანიები გაქრნენ ბაზრიდან, უბრალოდ, გვინდა, რომ გადმოეწყვნონ ახალ გარემოზე. ბიზნესის კეთებასა და ძარცვას შორის დიდი სხვაობაა“,- აცხადებს გიორგი შარაშიძე.

























