მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სიტროენი: სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერი ერთ კომპანიაზეა მორგებული

583bf11dd1985
სალომე მეცხვარიშვილი
28.11.16 12:51
2298
საქართველოში "სიტროენის" ოფიციალურმა წარმომადგენლობამ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერი კიდევ ერთხელ გაასაჩივრა.

როგორც "სიტროენ ჯორჯიას" ხელმძღვანელი გიორგი შარაშიძე „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ტენდერში ერთ კონკრეტულ კომპანიაზე და მოდელზე მორგებული პირობები ჩადო, რაც კანონის დარღვევაა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტენდერის პირობები Ford Transit Custom-ზეა მორგებული. აღნიშნულიდან გამომდინარე "სიტროენი" სრულად სატენდერო დოკუმენტაციის გაუქმებას ითხოვს.
"სასწრაფო დახმარების ავტომანქანების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები არის დისკრიმინაციული, არაკონკურენტული და ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას“,- აღნიშნულია კომპანიის საჩივარში.

მას შემდეგ, რაც შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ ამავე ტენდერის შედეგები ორჯერ უკვე გააბათილა და "ფიატის" ოფიციალური წარმომადგენლობის დისკვალიფიკაცია მოახდინა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ავტომობილების შესყიდვაზე ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ტენდერი ზუსტად იგივე პირობებით გამოცხადდა, როგორითაც პირველ ჯერზე.

"პირველ ჯერზე ტენდერში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, გავიმარჯვეთ და 17%-ით დაბალი ფასი ვაჩვენეთ ტენდერში. მეორე ადგილზე იყო „ფორდი“, მაგრამ მან გაასაჩივრა ტენდერის შედეგები და ე.წ. "ქრაშ ტესტის" არქონის გამო დავიბლოკეთ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებს ასევე აკმაყოფილებს მაგ: Fiat scudo maxi van, Ford Transit და ა.შ., მაგრამ ქრაშ ტესტი მათაც არ გააჩნიათ. Fiat scudo combi აქვს ქრაშ ტესტი, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე სატენდერო დოკუმენტაცია მორგებულია ერთ კონკრეტულ მოდელზე Ford Transit Custom-ზე.

საქმე ისაა, რომ ტენდერში "ქრაშ ტესტი" უბრალოდ მოთხოვნილია, თუმცა, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მანქანა, მითითებული არ არის. რაც არაბუნებრივია. ეს ნიშნავს, რომ ექიმმა ანალიზი გაგაკეთებინოს და პასუხები არ აინტერესებდეს.

პირველ ტენდერში, როდესაც ჩვენ გავიმარკვეთ, გაგვისაჩივრეს შედეგები, მეორე ტენდერში ჩვენ აღარ შევედით. ამ შემთხვევაში მოიგო "ფიატმა", რომელსაც ასევე არ გაჩნია "ქრაშ ტესტი", მაგრამ "ფორდმა“ ფიატს აღარ გაუსაჩივრა შედეგები, რისი ინტერესიც რეალურად უნდა ჰქონოდა",- აცხადებს გიორგი შარაშიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები