მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიცრუეა, რომ კლიპიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრი მსახიობის დაკავების შემდეგ ამოიჭრა - "ვისოლის" განმარტება

ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია

"ვისოლი" სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კომპანიის რეკლამიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები პოლიტიკური მიზეზით, მას შემდეგ ამოიღეს, რაც მსახიობი პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის მუხლით დააკავეს.

მედიაში წერილობით გავრცელებული განმარტების შემდეგ, საკითხთან დაკავშირებით, "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ ამ თემაზე “tv პირველთან” ისაუბრა.

ვასილ ხორავა ამბობს, რომ მზად არიან, ანდრო ჭიჭინაძის განთავისუფლების შემდეგ მასთან საქმიანი თანამშრომლობა განაგრძონ და ასევე, ადასტურებს, მსახიობის ოჯახთან კომუნიკაცია აქვთ.

"მოგახსენებთ, რომ ბატონმა ანდრომ, ჩვენს სარეკლამო რგოლში მონაწილეობა გასულ წელს მიიღო, რაც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ამის შემდეგ, ჩვენ მოგვიწია, განმეორებით ხელშეკრულების გაფორმება და კონტრაქტის სამი თვით გაგრძელება - ეს მოხდა აგვისტოს ბოლოს და დამატებით, 1 დეკემბრამდე მოგვეცა უფლება, მსახიობის თანხმობით, სწორედ 1 დეკემბრამდე გვეჩვენებინა კლიპი.
შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ კლიპიდან ბატონი ანდროს ამოღება მოხდა დაკავების შემდეგ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენს შორის კონტრაქტს ვადა გაუვიდა 1-ელ დეკემბერს და ამის შემდეგ, შემოკლებული კლიპი გადიოდა იმგვარად, რომ ბატონი ანდრო აღარ იღებდა მონაწილეობას. როგორც აღვნიშნე, საკმაოდ წარმატებული იყო მასთან თანამშრომლობა და მომავალშიც მხარს ვუჭერთ მსგავსი სახის თანამშრომლობას", - ამბობს ვასილ ხორავა.

ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, მხოლოდ ანდრო ჭიჭინაძის კონტრაქტს ეწურებოდა ვადა, თუ - ყველა მონაწილესთან და მათთან როდის გაფორმდა განახლებული კონტრაქტი. “ამ შემთხვევაში, მე თქვენ გპასუხობთ ბატონ ანდროზე. იქ, ინდივუდუალურად ხდება თითოეულ მსახიობთან კომუნიკაცია, სიტყიერი შეთანხმებით ან კონტრაქტის პირობებით", - თქვა "ვისოლის" დირექტორმა.

მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომპანიას ოჯახის, ან ადვოკატის საშუალებით კომუნიკაცია ანდრო ჭიჭინაძესთან კონტაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ვასილ ხორავა კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ კონტრაქტს ვადა პირველ დეკემბერს გაუვიდა და ვადა აღარ გაუგრძელებიათ.

ამასთან, ვასილ ხორავა ამბობს, რომ გაივლიან ოჯახთან კომუნიკაციას და ამის მიხედვით გადადგამენ შემდეგ ნაბიჯებს.

"ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის აზრი. ისევე, როგორც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი. ჩვენ, ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და ამიტომაც ვაფიქსირებ, რომ თარიღების მიხედვით, ზუსტად თუ მივყვებით, 1 დეკემბერს ამოეწურა კონტრაქტს ვადა და 5 დეკემბერს მოხდა ეს ცუდი ფაქტი [დაპატიმრება]. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ეს პირდაპირ კავშირშია, ვერ მოხდება, რადგან კლიპი, პირველი დეკემბრიდან გადიოდა მისი მონაწილეობის გარეშე", - ამბობს ვასილ ხორავა.

სოციალურ მედიაში, ანდრო ჭიჭინაძის კადრის ამოჭრის ამბავი დღეს გავრცელდა. ამის შემდეგ, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ „ფეისბუქზე” დაწერა: „მირეკავენ „ვისოლიდან” და უარს ვამბობ ყველანაირ გასაუბრებაზე მათთან! როგორმე უნდათ, თავი იმართლონ! სამარცხვინოები!”

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. 7 დეკემბერს მას პატიმრობა შეუფარდეს. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

bm.ge დამატებითი კითხვებით კომპანიას კიდევ ერთხელ დაუკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები