მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ska პრაღაში გაიხსნა - რა გეგმები აქვს კომპანიას?

პრაღა

ჯანსაღი კვებისა და წვენების ქართული ბარი SKA ქვეყნის საზღვრებს გასცდა. კომპანიამ ევროპაში პირველი ფილიალი ჩეხეთში გახსნა - ამის შესახებ BM.GE-სთან "სკას" დამფუძნებელმა, გიორგი ტალახაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, პრაღის ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილება კომპანიამ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო.

"ჩვენი სამიზნე ბაზარია CEE (ცენტრალური & აღმოსავლეთ EU). უფრო კონკრეტულად ის ბაზრები, სადაც ნაკლებად არის "სკას" მსგავსი healthy food retailer-ები. 2023 წლის აგვისტოში მივიღეთ პრაღაში შესვლის გადაწყვეტილება. EU-ს ბევრ სხვადასხვა ქალაქში გვქონდა ვიზიტი შარშან ზაფხულს, რის შემდეგაც პრაღა გადავწყვიტეთ სამი ძირითადი მიზეზის გამო: 1) გეოგრაფია (ევროპის ცენტრი), 2) Wolt-ის ბაზრის წილი (როგორც იცით ვოლტთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და იმ ბაზრებზე ვცდილობთ შესვლას, სადაც მათ დიდი ბაზრის წილი აქვთ); 3) ადგილობრივი კონკურენცია და ჩვენი მსგავსი კონცეფციების ნაკლებობა;

ეს იყო საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესი. ზუსტად 1 წელი დაგვჭირდა, რომ გაგვეხსნა პირველი ფილიალი. ამის მთავარი მიზეზი იყო კარგად ცნობილი ევროპული ბიუროკრატია, რომლის გამოც ვიზების, რეგისტრაციების და სამშენებლო ფერმითების პროცესები საკმაოდ გაიწელა", - განმარტავს "სკას" დამფუძნებელი.

მისი თქმით, პირველი ფილიალი უკვე გაიხსნა ქალაქის ცენტრში, მეორე ფილიალი კი ასევე ერთ-ერთ აქტიურ ტურისტულ ქუჩაზე გაიხსნება. გიორგი ტალახაძე ასევე აღნიშნავს, რომ ჩეხური "სკა" ზუსტად იმ კონცეფციას შეინარჩუნებს, რაც ბარს საქართველოში აქვს.

"პირველი ფილიალი გაიხსნა OC Quadrio-ში. ეს არის ქალაქის ცენტრში, პრაღა 1-ში, კაფკას ძეგლის წინ მდებარე ერთ-ერთი ყველაზე მაღალ-ტრაფიკიანი ბიზნეს და რეზიდენს ცენტრი. მეორე ფილიალი კი გაიხსნება Kaprova-ს #3-ში, ასევე პრაღა 1-ში, ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ტურისტულ ქუჩაზე.

"სკას" კონცეფცია იქნება ზუსტად იგივე, რაც არის საქართველოში. ეს იქნება მიქსი bar-ის, სადაც მზადდება ფრეშად გაკეთებული სხვადასხვა ნატურალური პროდუქტები და grab & go, სადაც მომხმარებელი შეძლებს, რამდენიმე წამში იყიდოს და მიირთვას სხვადასხვა მზა პროდუქტი. "სკა" პრაღაში იქნება გათვლილი იგივე სეგმენტზე. ჩვენ ამ სეგმენტს ვეძახით "busy bees". დამიანები, რომლებსაც არ აქვთ ბევრი დრო, ცხოვრობენ აქტიური ცხოვრების ტემპით, არ აქვთ საჭმლის კეთების დრო და ამ ყველაფერთან ერთად, უპირატესობას ანიჭებენ ნატურალური და ჯანსაღი ინგრედიენტებით გაკეთებულ საკვებს. ეს სეგმენტი, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდია პრაღაში, ამიტომ იმედი გვაქვს რომ თავიდანვე საკმაოდ აქტიური მუშაობა გვექნება.

ასევე ვეშვებით ვოლტზე მომდევნო კვირიდან, რაც კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება გაყიდვების ზრდაში, მეტად გამოჩენაში და ჩეხი მომხმარებლებისთვის "სკას" მენიუს მარტივად გაცნობაში", - აღნიშნავს დამფუძნებელი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას SKA-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უფრო მეტი ქვეყნის ათვისება იგეგმება.

"ჩვენი გეგმები საქართველოს გარეთ არის CEE რეგიონის ქალაქებში შესვლა. დაგეგმილი გვაქვს მომდევნო 5 წელში EU-ს 5 ქალაქში შესვლა. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ local leadership team-ებთან ერთად, რომლებიც საბოლოო ჯამში ხდებიან ჩვენი პარტნიორები და აგრძელებენ კომპანიის მართვას და განვითარებას, ზუსტად იმ ფორმატში, რაც ჩვენ გავაკეთეთ საქართველოში ბოლო 5 წელში.

დღეს SKA Georgia-ს სრულად ის გუნდი მართავს, ვინც პირველი დღიდან ჩვენთან ერთად იყვნენ პროცესში ჩართულები. ისინი დღეს უკვე არიან სკას თანადამფუძნებლები და აგრძელებენ ჩვენთან ერთად ზრდას", - აღნიშნავს გიორგი ტალახაძე.

Ska ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა. კომპანიის თბილისსა და ბათუმში 15 ფილიალს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები