მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სკანდინავიის ქვეყნებთან საქართველოს შედარება არასწორია“ - მეგრელიშვილი ჯარში საყოველთაო გაწვევაზე

6401e2ab3c488
სალომე ხიდურელი
07.03.23 10:22
797
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალ „თავდაცვის კოდექსზე“ მუშაობს, რომლის მიხედვითაც სავალდებულო სამსახურის გავლა ყველა წვევამდელს, მათ შორის სტუდენტებსაც მოუწევთ. დაგეგმილ ცვლილებებზე გადაცემა BMG Drive-ში „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ისაუბრა.

„კარგ ჯარს პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს. თუ ჩვენ ეს საკითხი მართლა გვაწუხებს, პირველ რიგში უნდა გადავწყვიტოთ, რომ ადამიანებს ადამიანებად აღვიქვამთ და ფულს ვუხდით. 37 000 ჯარისკაცია პროფესიული ჯარის სამხედრო შემადგენლობაში, მათგან დაახლოებით 10 000 საერთაშორისო მისიებშია გაწვრთნილი. პრობლემა ისაა, რომ დაბალი ანაზღაურების გამო ეს პროფესიონალებიც გარბიან, ხელფასია დაბალი. წვევამდელებისთვის კი ხელფასი 125 ლარია. მით უმეტეს, რომ ისინი სამხედრო სწავლებას კი არ გადიან, არამედ სხვადასხვა უწყებაში დამატებითი თანამშრომლების სახით მუშაობენ, როგორც ყარაულები“, - ამბობს მეგრელიშვილი.

ის ასევე გამოეხმაურა არგუმენტს, რომ ჯარში საყოველთაო გაწვევის კანონი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუშაობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს შედარება განსხვავებული მიდგომების მქონე ქვეყნებთან შეცდომაა.

„საყოველთაო გაწვევის საწინააღმდეგო მორალურ და ეკონომიკურ არგუმენტებზე ამერიკაში ჯერ კიდევ 1970-იან წლებში საუბრობდა მილტონ ფრიდმანი, რომელიც ამბობდა, რომ ასეთი გაწვევა ნაკლებად ეფექტიანი და ძვირია. ამ საკითხზე თეორიული დებატები მსოფლიოში უკვე დასრულებულია. ის ქვეყნები, რომლებსაც კანონის მომხრეები საყოველთაო გაწვევის დადებით მაგალითებად ჩამოგვითვლიან ხოლმე, ტრადიციული გაწვევის ქვეყნები არიან. იყო დრო ისტორიაში, როცა ყველგან იყო მსგავსი კანონი და ამის საწყისი საფრანგეთი იყო; დღეს საფრანგეთს თავად აქვს ჯარში გაწვევა გაუქმებული.

რას ნიშნავს, მაგალითად ის, რომ ფინეთში ეს კანონი შენარჩუნებულია? ჩვენ თურქეთში ფინეთის სამხედრო ატაშეს შევხვდით, რომელმაც გვითხრა, რომ 19 000 გაწვეული ადამიანიდან, მხოლოდ 10-მა განაცხადა უარი ჯარისკაცობაზე. ფინეთში ჯარი ისეა, როგორც სკოლის მეცამეტე კლასი. ანუ, თუ ქვეყანაში გინდა წარმატებას მიაღწიო, ამ მეცამეტე კლასის დახურვის გარეშე ძალიან რთულია. კონტექსტი აბსოლუტურად განსხვავდება და სკანდინავიის ქვეყნებთან საქართველოს შედარება არასწორია.

ხშირად გვადარებენ ხოლმე ისრაელსაც. შევხვდით ისრაელის ელჩს პარლამენტში, ვსაუბრობდით ამ საკითხზე. ის სრულიად განსხვავებული საზოგადოების სრულიად განსხვავებულ ინსტიტუტს გვიხსნიდა, რომლის მიზანიც მრავალფეროვან საზოგადოებაში ერთიანობისა და ტოლერანტობის სწავლებაა. მით უმეტეს, ისრაელის სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია. ჯარსაც სხვანაირად უდგებიან, მაგალითად: ისრაელის ხარჯი ერთ ჯარისკაცზე $150 000-ია, საქართველო $11 000-ს ხარჯავს“, - განმარტავს ვახტანგ მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, პარტია „გირჩი“ სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ აქციას 11 მარტს აანონსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები