მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის"- დავით ხიდაშელმა რაჭის ტყის პროექტი დატოვა

ხიდაშელი

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი რაჭის ტყის სამონადირეო პროექტიდან გადის - ამის შესახებ მან BMG-ის თავად დაუდასტურა. მისი განმარტებით, პროექტიდან კომპანია HG Capra Caucasica-ს გასვლა არა პირობების შეუსრულებლობამ, არამედ თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილმა გაუგებრობებმა განაპირობა.

23 ოქტომბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ დავით ხიდაშელის კომპანიამ სამონადირეო მეურნეობის განვითარების სალიცენზიო ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც სახელმწიფო განიხილავდა შესაძლებლობას, რომ კომპანიას აღარ გადასცეს შესაბამისი სალიცენზიო არეალი და რაჭაში თავად მოაწყოს ახალი ტიპის დაცული ტერიტორია.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, HG Capra Caucasica-ს საკმაოდ მოცულობითი ინვესტიციები უნდა განეხორციელებინა, თუმცა აღნიშნული ვალდებულებები შესრულებული არაა.

დავით ხიდაშელის განცხადებით, თუკი მისი ინვესტიციებისთვის საქართველო არ არის მზად, მას პროექტების სხვა ქვეყნებში განხორციელება შეუძლია.

“თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც ქართულ ოცნებასთან არ ვარ დაახლოებული,”- წერილობით პასუხობს დავით ხიდაშელი bm.ge-ის.

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს HG Capra Caucasica-ს გენერალურმა დირექტორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით მიმართა, წერილში აღნიშნულია, რომ სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ 2023 წლის 14 სექტემბერს გაკეთებული განცხადება არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგანაც კომპანია ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვერ დაიწყებდა იქამდე, სანამ მას შესაბამისი ტერიტორიები არ გადაეცემოდა, მიწების გადაცემა კი არ მომხდარა. ამასთან, კომპანია მიუთითებს სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, რომელმაც ამ საკითხზე HG Capra Caucasica-ს არგუმენტები გაიზიარა.

ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას გასულ წელს სახელმწიფომ 104,712 ჰექტარი ტყის ფართობი 49 წლის ვადით სამონადირეო მეურნეობის განვითარებისთვის პირობიანი აუქციონის გზით გადასცა. აუქციონში ხიდაშელის კომპანიის მიერ დაფიქსირებული ფასი 1 151 832 ლარს შეადგენდა. კომპანიამ კონკურსში გამარჯვებით აიღო ვალდებულება პროექტის განვითარებაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი ჩაედო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები