„ორი ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ მელიქაძემ, "ფასების საპარლამენტო კომისიის" სხდომაზე განაცხადა, რომ კომპანია ფასდაკლებებს მხოლოდ საკუთარი მოგებიდან აკეთებს.
„ჩვენ ჩვენი მოგებიდან ვაკეთებთ ფასდაკლებებს, სხვისი ფულით არ ვთამაშობთ“, – თქვა მელიქაძემ.
მისივე განმარტებით, კომპანია მზადაა „რეტრობონუსის“ სისტემაზე უარი თქვას, თუ მიმწოდებლები ამაზე თანახმა იქნებიან.
„რეტრობონუსი ჩვენთვის არ არის ფასდაკლების წყარო. კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანო, ‚ლიდერ ფუდის‘ ხორცის პროდუქტი გასულ წელს ჩვენს ქსელში ‚საინვოისო‘ ფასად შემოვიდა, 10 ლარად, ერთეულის ღირებულება. ჩვენ გავყიდეთ ის 8 ლარად და 42 თეთრად, ანუ წავაგეთ 1.58 ლარი. მაგრამ მთელი წელი წაგებაზე არ ვიქნებოდით ხომ? სინამდვილეში, ეს მხოლოდ ‚საინვოისო‘ ფასი იყო, ‚რეტრობონუსი‘ ამ შემთხვევაში წარმოადგენდა 2.10 ლარს. ანუ ფაქტობრივად, ჩვენთვის ასაღები ფასი იყო 7.90 ლარი. ანუ ჩვენ ამ კონკრეტულ პროდუქტში მოვიგეთ 0.52 თეთრი, რაც 6.5%–იანი ფასნამატია“, – განმარტა მელიქაძემ.
გენერალური დირექტორის თქმით, კომპანია რეალურად არ „თამაშობს“ სხვა ადამიანების ფულით.
„მზად ვართ, გავანულოთ ‚რეტრობონუსები‘ – სხვისი ფულით არ ვთამაშობთ. რეალურად, კომპანიას მოველაპარაკეთ არა ‚საინვოისო‘ ფასზე, არამედ იმ ფასზე, რაც ასაღებია. ეს იმ კომპანიის სურვილია, რომ ასაღები ფასი ასე გაიყოს, ჩვენ საერთოდ არანაირი ინტერესი არ გვაქვს ‚რეტრობონუსის‘ აღრიცხვიანობის წარმოებაში. ‚საინვოისო‘ ფასი რომ დამთხვეოდა იმ ფასს, რაზედაც ჩვენ მოვილაპარაკეთ, ‚რეტრობონუსი‘ იქნებოდა ნული. ეს ჩვენი არჩევანია და მოგონილი ინსტრუმენტი არ არის. ჩვენ არც მაღაზიაში შემოსვლის გადასახადი არ გვაქვს, არც თაროს გადასახადი. ადრე გვქონდა. შესაძლოა, რამდენიმე ძველი ხელშეკრულება შემორჩენილია, ისიც ძირითად თაროებს არ ეხება. ეს გადასახადები არ გვაქვს და არც გვექნება. არც ‚რეტრობონუსის‘ მომხრეები ვართ. არ გვჭირდება არაფერში, ჩვენი ინიციატივა ეს არ არის და მზად ვართ, ხვალვე გავანულოთ, თუ მომწოდებელი ამაზე წამოვა“, – აღნიშნა მელიქიძემ.
დღეს პარლამენტში კომისიის რიგით მეშვიდე სამუშაო სხდომა იმართება. ამჯერად შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ მსხვილი საცალო ქსელების ოპერატორების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ კომისიის ექვსი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც განხილულ იქნა კვერცხის, რძისა, ხორცპროდუქტების, ხილ-ბოსტნეულის, წვენებისა და ტკბილეულის ბაზარი. 11 მარტის სხდომაზე მიწვეული იყვნენ მცირე და საშუალო ქსელები, დღეს კი კანონმდებლები ბაზრის ყველაზე მსხვილ აქტორებს უსმენენ.




























