მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სხვისი ქონების დაუფლების და ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის საქმე 4 პირის მიმართ აღიძრა

საგამოძიებო სამსახური
23.01.25 10:50
878

წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების და ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ოთხი პირის მიმართ. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა პირის სახელით, ერთ-ერთი ონლაინ-ტოტალიზატორის ვებგვერდზე, წინასწარ შერჩეულ სპორტულ თამაშებზე ათავსებდნენ ფსონებს, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და ამავე კომპანიის უფლებამოსილი პირი, შიდა ადმინისტრირების პროგრამაში, ხელოვნურად ცვლიდა თამაშის შედეგებს და წაგებულ ბილეთს მოგებულის სტატუსს ანიჭებდა.

აღნიშნული გზით, ბრალდებულები საერთო ჯამში უკანონოდ დაეუფლნენ ტოტალიზატორის კუთვნილ 700 000 ლარამდე თანხას. ბრალდებულებმა, უკანონოდ მიღებული შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, განახორციელეს დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხის ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში და შეიძინეს ორი ავტომობილი.

გამოძიების პროცესში ამოღებულ იქნა აღნიშნული ავტომობილები, ასევე დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხის ნაწილი 52 000 აშშ დოლარის ოდენობით", - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები