მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლა "პროგრესმა“ სახელმწიფოსგან მიწა ₾6.5 მლნ-ად საინვესტიციო ვალდებულებით იყიდა

სოფელი დიღომი

თბილისში, დიღომში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 20 327 მ²-ის ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 6 576 000 ლარად საინვესტიციო ვალდებულებით გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქონება პრივატიზებისთვის პირობიან აუქციონზე 23 აგვისტოს გამოიტანა და მის დასრულებამდე ერთი საათით ადრე 1 ბიჯის გაკეთებით კომპანია “ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესმა” შეიძინა.

რაც შეეხება 6.5 მლნ ლარად ნაყიდი მიწის საინვესტიციო ვალდებულებას, რომელიც პირობიანი აუქციონის მიხედვით, ახალმა მფლობელმა უნდა შეასრულოს, კომპანიამ საპრივატიზაციო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაფაროს. ამასთან “ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესს“ საპრივატიზაციო პირობები ავალდებულებს 48 თვის ვადაში 800 მოსწავლეზე გათვლილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სპორტული მოედნის/მოედნები, არანაკლებ 30 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი შექმნას, ექსპლუატაციაში მიიღოს და ფუნქციონირებისთვის მზადყოფნაში მოიყვანოს.

ამ პირობის შესასრულებლად კი კომპანიამ არანაკლებ 8 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

კომპანიამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას სტატუსი არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნოს. პირობიანი აუქციონში ასევე გაწერილი იყო, რომ საინვესტიციო თანხის ჩადებისა და ამავე პირობებით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აშენებამდე, კომპანია საპრივატიზაციო ქონებაზე ინდივიდუალურ საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებს, მათ შორის მრავალბინიან საცხოვრებლებს ვერ ააშენებს.

მყიდველი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს საინვესტიციო თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც სკოლის აშენების ვადას არანაკლებ 4 (ოთხი ) თვით უნდა აღემატებოდეს და საპრივატიზებო პირობების შესრულებას უნდა უზრუნველყოფდეს.

მეწარმეთა რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია 2020 წელსაა რეგისტრირებული და მის 55%-იან წილს 2002 წელს რეგისტრირებული კომპანია „ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი“, რომლის მესაკუთრე და 100%-იანი წილის მმართველი ნინო ჩიკვაშვილია. 45%-იან წილს კი დეველოპერული კომპანია „ანაგის“ შვილობილი კომპანია „ანაგი განათლება“ ფლობს.

საგანმანათლებლო სფეროში მოქმედ ორი კომპანიის შვილობილ შპს-ს გენერალური დირექტორი გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაშვილია.

როგორც სკოლა „პროგრესის“ ვებგვერდზეა აღნიშნული, კომპანია 22 წელია საგანმანათლებლო სექტორში ოპერირებს და თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სამი ფილიალით არის წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები